ეკლესიებში მრევლის რაოდენობა რეგულარულად იკლებს – ბრიტანეთი თანამედროვე ეკლესიის შექმნას ცდილობს
ინგლისის ეკლესია დიდ ბრიტანეთში არ არის გახლეჩილი სახელმწიფოსგან. ლორდთა პალატაში 26 ეპისკოპოსია, ხოლო დედოფალი ეკლესიის უზენაეს მმართველად ითვლება. ბევრ სკოლაში კოლექტიური ღვთისმსახურება ტარდება და ლოცვებს კითხულობენ. ამ რიტუალისგან ბავშვები მხოლოდ ათეისტი ან სხვა მრწამსის წარმომადგენელი მშობლების თხოვნის საფუძველზე თავისუფლდებიან. ამასთანავე, დიდ ბრიტანეთში ნამდვილი რელიგიური კრიზისია – ხალხმა შეწყვიტა ეკლესიაში სიარული და თვლიან, რომ ის დღევანდელ რეალობას არ არის მორგებული.
ბრიტანელების მხოლოდ 1%-ზე ოდნავ მეტი ადამიანი დადის ეკლესიაში, ხოლო პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები ამჯობინებენ, სულაც არ გაამახვილონ ყურადღება საკუთარ რელიგიაზე.
„მე ვთვლი, რომ ძალიან გამიმართლა, თუკი ლოცვაზე 20 ადამიანი მაინც მოდის“, – ამბობს სასულიერო პირი და მკვლევარი, ჯონათან იონგი. მისი ზედამხედველობის ქვეშ სამი ეკლესიაა სხვადასხვა სოფელში, სადაც მოსახლეობა 150-300 კაცამდე მერყეობს.
„ბრიტანეთში ორგანიზებული რელიგია ვიწროვდება, ხოლო ახალგაზრდებს რელიგიური აპათია აქვთ“, – ამბობს იონგი.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ბრიტანელებმა რწმენა დაკარგეს.
„ბევრი თვლის, რომ სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს, მაგრამ ამ ადამიანებს სჯერათ გარდაცვლილთა სულების არსებობის“, – ამბობს გოლდსმითის უნივერსიტეტის პროფესორი, ები დეი.
ის კვლევას ატარებდა ბრიტანელებს შორის რწმენის შესახებ. კველვამ დაადასტურა, რომ ახალგაზრდები და ხანშიშესულები განსაკუთრებით არინ მიდრეკილნი სულების რწმენისაკენ.
„ორივე თაობა ნახულობს სიმშვიდეს გარდაცვლილთა სულების არსებობის რწმენით. ისინი მათ ამშვიდებენ და მხარში უდგანან. მოხუცებულებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მათი გარდაცვლილთა სულები კარგად არიან არა სამოთხესა თუ ჯოჯოხეთში, არამედ – აქვე, ახლოს“, – ამბობს ები დეი.
ინგლისის ეკლესიამ, დაახლოებით, 240 მილიონი ფუნტი დახარჯა 2017 წლიდან 2020 წლამდე იმისთვის, რომ მორწმუნეთა რიცხვის შემცირება შეეჩერებინა, მაგრამ ეს კრახით დამთავრდა.
პროგრამა სახელად „განახლება და რეფორმა“ მიმართულია ახალი მორწმუნეების მიზიდვისა და ეკლესიის მხარში დგომისაკენ – განსაკუთრებით, ბრიტანეთის ღარიბულ რაიონებში.
თანხები, ძირითადად, განაწილდა თანამედროვე ეკლესიის შექმნაზე სპორტ დარბაზითა და კაფეტერიით. ერთ-ერთი ასეთი, ყველაზე ცნობილი ეკლესია ბრადფორდში, ყოფილ ღამის კლუბში მდებარეობს.
მიუხედავად ყველაფრისა, ამანაც არ იმოქმედა. 1960-იან წლებში ეკლესიაში, დაახლოებით, ბრიტანეთის მოსახლეობის 3,5% დადიოდა, 2019 წელს კი, ეს 1 %-მდე შემცირდა. მრევლის საშუალო ასაკი 61 წელს შეადგენს.