დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მოქმედ მთავრობას უფლებამოსილება შეუჩერდა. დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ საკრებულოს მალე წარუდგენენ მთავრობის ახალ გუნდს, რომელიც, ძველი სახეების გარდა, ახალი კადრებითაც დაკომპლექტდება. კალაძემ მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი მზადაა, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს დედაქალაქს.
„დღეს, როგორც ყოველ ოთხშაბათს, ჩვენი მთავრობის სხდომა უნდა ყოფილიყო, თუმცა, განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. როგორც იცით, მაქვს პატივი, მეორე ვადით ვიყო თბილისის არჩეული მერი. დიდი მადლობა, ვინც მხარდაჭერა გამომიცხადა და ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიაში. გაცნობებთ, რომ თბილისის მთავრობას დღეიდან შეუჩერდა უფლებამოსილება და სწორედ ამიტომ არ ტარდება დღევანდელი მთავრობის სხდომა. სულ მალე საკრებულოს წარვუდგენთ ჩვენს გუნდს, რომლის წევრების უმეტესობასაც თქვენ კარგად იცნობთ, თუმცა მთავრობის შემადგენლობა, ასევე, იქნება განახლებული. ასე რომ, ახალი ვადით და სრული უფლებამოსილებით, დედაქალაქის მთავრობა მალე ისევ ჩადგება თბილისის სამსახურში. მზად ვართ, 24-საათიანი შრომით შევასრულოთ ყველა დაპირება და ღირსეულად ვუპასუხოთ თბილისელების მიერ გამოცხადებულ უდიდეს ნდობას,“ – აღნიშნა კალაძემ.