ანდრონიკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდური უკვე მოეწყო, ასფალტის ორფენიანი საფარი კი 10 000 კვ.მ ფართობზე დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი – გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი – ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
„ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც, ამ დროისთვის, ასფალტის ზედა ფენა იგება. სამუშაოების დაწყებამდე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) აღნიშნულ ქუჩაზე წყლის სისტემა განაახლა. დაზიანებული გზა მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივებს გადაადგილების კუთხით პრობლემა აღარ შეექმნებათ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ლ ენდ ლ“ ახორციელებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 500 000 ლარი გამოიყო.