კალაძე: ადამიანებს უნდა შევთავაზოთ პროგრამები, რათა დასაქმებულები იყვნენ და ხელფასი ჰქონდეთ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, როდესაც სახელმწიფო მოქალაქეებს სოციალურ დახმარებას უხდის, შესაძლოა, ამის გამო ისინი ოფიციალურად მუშაობის დაწყებას ერიდებიან, რადგან ეშინიათ, სტატუსი არ ჩამოერთვათ. მერის თქმით, უმჯობესია, ამ ადამიანებს შესაბამისი პროგრამები და სამსახურები შესთავაზონ, რათა დასაქმდნენ და ხელფასი ჰქონდეთ.

„არსებობენ კომპანიები, რომლებიც კვალიფიციურ კადრებს ეძებენ, არიან ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ. ორი პრობლემის წინაშე ვართ. ერთი – კვალიფიციური კადრი და მეორე, ადამიანები, რომლებიც სამსახურს ვერ პოულობენ. ჩვენ, დაახლოებით, 5 000 ადამიანის გადამზადებას ვახორციელებთ ყოველგვარი გადასახადების გარეშე, რაც ძალიან კარგია. მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან ვიცით, ბიზნესსექტორი რა თანამდებობებზე, რა კვალიფიკაციის, რა პროფესიონალიზმის კადრებს ეძებს და ამ მიმართულებით ვახდენთ კონკრეტული იმ ადამიანების გადამზადებას. ვისაც სურვილი ექნება, ჩაერთოს ამ პროგრამაში. ყველაზე მთავარია, ის ადამიანები, რომლებიც გადამზადდნენ, მათი ძალიან დიდი ნაწილი დასაქმებულია. შეიძლება, გაზარმაცებაში სახელმწიფოც იყოს დამნაშავე, რადგან ადამიანს უხდი სოციალური დახმარების თანხას და ამავდროულად, ის შეშინებულია, რომ ოფიციალურად სადმე მუშაობა არ დაიწყოს, რადგან შეიძლება, სოციალურად დაუცველის სტატუსი ჩამოერთვას და ამ თანხას ვერ მიიღებს. ამიტომ, ამ ადამიანებს შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, ხელფასი ჰქონდეთ, დასაქმებული იყვნენ და არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები