ძიმითელი გენერალი და მისი „ღირსების ლეგიონი“, რომელმაც I მსოფლიო ომში ჰინდენბურგის ხაზი გაარღვია

გენერალი გიორგი გოთუა მეტად თვალსაჩინო ფიგურა გახლდათ რუსეთის არმიაში. ამას ადასტურებს მისი უმაღლესი სამხედრო ჯილდოები, მათ შორის: საფრანგეთის სამხედრო ჯილდოები – საპატიო ლეგიონის ორდენი და ფრანგული სამხედრო ჯვარი (პალმით ლენტზე); რუსეთის იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი.

გიორგი გოთუა 1871წლის 14 იანვარს გურიის სოფელ ძიმითში დაიბადა, აზნაურ სიმონ გოთუას ოჯახში. დედა იყო ელისაბედ (ლისა) თაყაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილის და.

1889 წელს გიორგიმ დაამთავრა ქუთაისის პროგიმნაზია, 1896 წელს კი ტფილისის იუნკრების ქვეითთა სასწავლებელი. 1902 წლიდან მსახურობდა 256-ე ღუნიბისა და მე–8 კრასნოვოდსკის სარეზერვო ბატალიონებში. 1904-1905 წწ. იბრძოდა რუსეთ–იაპონიის ომში (1904–1905). 1909 წელს მიიღო ქვეითთა სარეზერვო ბრიგადის შტაბს–კაპიტნის წოდება.

1914-1918 წწ. გიორგი გოთუა მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. იგი კაპიტნის ჩინით მსახურობდა მე–8 თურქესტანის მსროლელთა პოლკში და დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ოქროს იარაღით (1915). ამავე წელს დაიმსახურა წმინდა ვლადიმერის მე–4 ხარისხის ორდენი მახვილებითა და ბაფთით. 1916 წელს კი კიდევ ორი ორდენი მიიღო მახვილებით: წმინდა სტანისლავის მე–2 ხარისხისა და წმინდა ანას მე–2 ხარისხის.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ის თავდაპირველად მეთაურობდა ბატალიონს, შემდეგ კი რუსეთის საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში მყოფ „ღირსების საგანგებო ლეგიონს“ საფრანგეთში. ამ ლეგიონის შექმნის ისტორია ასეთია: 1915 წელს ფრანგებმა შესთავაზეს რუსებს, დასავლეთის ფრონტზე, საფრანგეთში გაეგზავნათ 300 ათასი რუსი ჯარისკაცი. სანაცვლოდ საფრანგეთის მთავრობა რუსეთს მისცემდა იარაღს. საკმაოდ დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ 100 000-მდე ჯარისკაცი გაიგზავნა საფრანგეთში, მათ შორის იყო პოდპოლკოვნიკი გიორგი გოთუაც. იგი ჯერ პირველი ბრიგადის მე–2 განსაკუთრებული პოლკის ბატალიონს მეთაურობდა, შემდეგ კი პოლკოვნიკის ჩინით განსაკუთრებულ ბრიგადას. ფრანგი ხალხი აღტაცებით და დიდი პატივით შეხვდა რუსეთის ჯარებს, რომლებმაც 1916-17 წლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გერმანიის წინააღმდეგ ომში.

1917 წელს რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში მყოფ რუსულ ჯარში დაიწყო ქაოსი, არეულობა, გავრცელდა ლოთობა და მოროდიორობა. ამგვარად, საფრანგეთის ზურგში აღმოჩნდა არაპროგნოზირებადი და უმართავი, ანარქიულად მოაზროვნე უცხოეთის ჯარისკაცთა უზარმაზარი მასა. საფრანგეთის მთავრობამ არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ჯარი უნდა დაებრუნებინა უკან, სამშობლოში, მაგრამ ამას სჭირდებოდა ტრანსპორტი, უზარმაზარი ხარჯი, მას კი ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. საფრანგეთმა ჯარის ნაწილებად დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. შეიქმნა შრომითი ბატალიონები, ნაწილი საკუთარი სახსრებით დაბრუნდა სამშობლოში, ნაწილი ალჟირში გაუშვეს, მაშინდელ ფრანგულ კოლონიაში.

სიტუაციის გამოსწორების მიზნით, გენერალ ლოხვიცკის წინადადებით, გიორგი გოთუამ რუსეთის ჯარისთვის რეპუტაციის აღსადგენად დაიწყო ახალი ჯარის შეკოწიწება. მან მუშათა ბანაკებიდან, ჰოსპიტლებიდან, 350 ადამიანამდე შეაგროვა და საფრანგეთის მთავრობისგან ბრძოლის გაგრძელების ნებართვა ითხოვა. თავდაპირველად, გოთუას შეგროვებულ ჯარის ნაწილს დაერქვა „რუსული ლეგიონი“, თუმცა, ამ ლეგიონმა ისე გამოიჩინა ბრძოლებში თავი, რომ თავად ფრანგებმა უწოდეს „ღირსების ლეგიონი“.

1918 წელს, როდესაც გერმანელებმა უკანასკნელი ბრძოლა აწარმოეს პარიზის ასაღებად, სწორედ „ღირსების ლეგიონმა“ დაიცვა ქალაქი. ლეგიონმა მოკავშირე არმიებს შორის პირველმა გაარღვია სახელგანთქმული „ჰინდენბურგის ხაზი“, რისთვისაც გიორგი გოთუამ მიიღო „საპატიო ლეგიონის“ ორდენი (გერმანელებმა გადაწყვიტეს ახალი მძიმე დანაკარგების ასაცილებლად ფრონტის შეკვეცა, ახალ ხაზზე აიგო მძლავრი ბეტონის სანგრები და გამაგრებები. ამ ხაზს გერმანელებმა ზიგფრიდის ხაზი უწოდეს, ხოლო მოკავშირეებმა ჰინდენბურგის ხაზი).

ომის დამთავრების შემდეგ, 1918 წლის ბოლოს „ღირსების ლეგიონი“ დემობილიზებულ იქნა. გიორგი გოთუა თეთრ მოძრაობას შეუერთდა. იგი სამხრეთ რუსეთის სამხედრო ძალების მოხალისეთა არმიაში ირიცხებოდა. 1919 წლის დასაწყისიდან მე–2 არმიის სარეზერვო ბატალიონში, 1919 წლის 3 ნოემბრიდან კი უკვე გენერალ–მაიორის ჩინით მე–7 სარეზერვო ბატალიონს მეთაურობდა.

გიორგი გოთუა 5 შვილის მამა იყო. მეუღლე ელენა მისენკო და 4 შვილი ტაგანროგში ჰყავდა, რადგან იქ იდგა მისი პოლკი. ერთი შვილი კადეტთა კორპუსში, ყირიმში სწავლობდა. 1920 წელს, როდესაც ყირიმში წითელი არმია შევიდა, გიორგი გოთუამ მეუღლე და ოთხივე შვილი ტივით გაიყვანა შავ ზღვამდე და საქართველოში გახიზნა, თავად კი შვილის სანახავად გაიქცა. კადეტთა კორპუსი გემებზე აყვანილი დახვდა – მათ საზღვარგარეთ გზავნიდნენ. გოთუაც გაჰყვა, რადგან ტაგანროგში ვეღარ დაბრუნდებოდა – იქ უკვე ბოლშევიკები იყვნენ. ყირიმიდან ისინი სტამბულში ჩავიდნენ, სადაც, ზღვაში, ემიგრანტების 100-მდე გემი იდგა. თურქეთის მთავრობა მათ საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებდა. ყირიმის კადეტთა კორპუსი სამ ნაწილად დაიყო და იუგოსლავიაში გაიგზავნა. გოთუა მოხვდა ქალაქ ბილეჩაში თავის შვილთან ერთად. მას გენერლის ფრანგული პენსია დაენიშნა. მსახურობდა დონის კადეტთა კორპუსის სასწავლებელში და იქვე ცხოვრობდა.

გიორგი გოთუა 1936 წლის 13 იანვარს გარდაიცვალა. დაკრძალულია ბელგრადის ახალ სასაფლაოზე.

გიორგი გოთუას, როგორც სამხედრო პირის პოპულარობაზე მეტყველებს, აგრეთვე, ის ფაქტი, რომ ომის დასასრულისთვის საფრანგეთში გამოდიოდა სხვადასხვა ატრიბუტიკა, მაგალითად ასანთი და სხვა საგნები, პოლკოვნიკ გიორგი გოთუას გამოსახულებით და წარწერით – „ლეგენდარული პოლკოვნიკი“.

გიორგი გოთუას ცოლ–შვილი ტაგანროგიდან საქართველოში მშვიდობით ჩამოვიდა. ელენე ადრე გარდაიცვალა და გენერლის

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები