საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ უმასპინძლა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწესებული ქების სიგელი წლების განმავლობაში, საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს, თამაზ დარჩიძეს გადაეცა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია დაესწრნენ.
„იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯილდო იაპონია-საქართველოს ურთიერთობებში შეტანილი დიდი წვლილისთვის გადაეცა თამაზ დარჩიძეს. იაპონურმა ბაღმა უმასპინძლა არაერთ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც ჩვენმა საელჩომ განახორციელა. 2016-2017 წლებში ჩატარდა ჩაის ცერემონიები. ასევე, 2020 წელს ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაირგო საკურას ხეები. მომავალ წელს აღვნიშნავთ საქართველო-იაპონიის ურთიერთობების 30 წლისთავს და ბევრ კულტურულ ღონისძიებას ვგეგმავთ. მოხარული ვიქნები, თანამშრომლობა გაგრძელდეს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთანაც“, – განაცხადა იმამურა აკირამ.
ეროვნული ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს მადლობას უხდის.
„ჩემთვის საქართველო-იაპონიას შორის ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საპატიო სიგელის მიღება დიდი პატივია. ეს ჯილდო არ არის მხოლოდ ჩემი, ეს იმ ორგანიზაციასაც ეკუთვნის, სადაც ბოლო წლების განმავლობაში, მქონდა შესაძლებლობა, არაერთ პროექტზე მემუშავა, რომელმაც დააახლოვა იაპონელი და ქართველი ხალხი, პოპულარიზაცია გაუწია, როგორც იაპონურ კულტურას, ასევე, იაპონურ საბაღე ხელოვნებას“, – აღნიშნა თამაზ დარჩიძემ.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების სიგელი გამორჩეული წარმატებისთვის საერთაშორისო არენაზე, უცხოელ ან იაპონელ პირებსა თუ ჯგუფებს გადაეცემათ. ჯილდო წარმოდგენილია სერტიფიკატითა და სამსახსოვრო საჩუქრებით.
დაჯილდოების ცერემონია იაპონური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდა. იაპონური ბაღის მშენებლობა, რომელიც საქართველოში იაპონიის საელჩოს, თბილისის მერიისა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის ძალისხმევით, 2017 წელს დასრულდა, პროექეტი საქართველოსა და იაპონიის მეგობრობას ეძღვნება.