ვინ იყო მარშალი გელოვანი, რომლის სახელსაც თბილისის ერთ–ერთი ცენტრალური გამზირი ატარებს
მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა კავშირის ომისშემდგომ სამხედრო ისტორიაში თვალსაჩინო ადგილი უჭირავს სამ დიდ ქართველ მოღვაწეს: საბრძოლო რაკეტებსა და საფრენ აპარატებს იგონებდა და აგებდა ალექსანდრე ნადირაძე, მათ ცდიდა გალაქტიონ ალფაიძე, ხოლო უნიკალურ სარაკეტო საშახტო გამშვებ დანადგარებს აპროექტებდა და აშენებდა არჩილ გელოვანი. სამივე მათგანი დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ზეგასაიდუმლოებულად, მაგრამ გავიდა დრო და დღეს მათი დამსახურება და ღვაწლი დააფასეს.
არჩილ გელოვანი ძველი ქართული თავადური გვარის შთამომავალია. დაიბადა 1915 წლის 14 ნოემბერს ცაგერის რაიონის სოფელ სპათაგორაში. მამამისი – ვიქტორ გიორგის ძე გელოვანი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ცნობილი ინჟინერ-მექანიკოსი იყო. არჩილის დედა – ანა სტეფანეს ასული შენგელია, აზნაურის ოჯახიდან გახლდათ. ის ქუთაისში დაიბადა და მანაც, როგორც მისმა ექვსმა დამ, ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის კეთილშობილ ქალთა გიმნაზია დაამთავრა.
როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, მშობლები აღმერთებდნენ პატარა არჩილს, იქნებ, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ მის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა მათი ორი წლის პირმშო გიგა. პატარა არჩილი ექვსი წლისაც არ იყო, როდესაც მუცლის ტიფით გარდაეცვალა მამა. ანამ ქმარი ქუთაისში დაკრძალა და შვილთან ერთად თბილისში გადმოსახლდა, სადაც მისი ორი და ცხოვრობდა. ეს იყო საქართველოსთვის არეული და მეტად მძიმე წლები – სამოქალაქო ომი, ქვეყნის ოკუპაცია წითელი არმიის მიერ, დევნა, სიღარიბე, ნგრევა, შიმშილი. ანა იძულებული იყო ემუშავა ხან ბილეთის გამყიდველად თეატრში, ხან კლუბში, მაგრამ შვილს ზრდიდა ოჯახის ძველ და სახელოვან ტრადიციებზე დაყრდნობით.
არჩილი ექვსი წლისაც არ იყო, სკოლაში რომ მიიყვანეს. სკოლის დირექტორი მიხეილ ზანდუკელი სკეპტიკურად შეხვდა პატარას, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ აღტაცებას ვეღარ მალავდა. ექვსი წლის არჩილი შესანიშნავად კითხულობდა ლექსებს, ყვებოდა წაკითხულის შინაარსს, შეეძლო ანგარიში ათასის ფარგლებში. შედეგად, საბოლოოდ მოხიბლულმა სკოლის დირექტორმა ბიჭი პირდაპირ მესამე კლასში მიიღო…1936 წელს არჩილმა დაამთავრა ამიერკავკასიის ს. კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი (ამჟამად – თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი). ერთდროულად სწავლობდა სამხატვრო სტუდიაში, რადგან ძალიან იტაცებდა ხატვა. ამავე დროს სპორტსაც მისდევდა, იყო ბრწყინვალე კალათბურთელი და ფრენბურთელი.
1939 წელს მან გადაწყვიტა წასულიყო სამხედრო-საზღვაო ფლოტში და ამისთვის დაამთავრა ლენინგრადის ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი. ამავე წლიდან მსახურობდა არმიაში.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ახალგაზრდა ოფიცერი შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში ხელმძღვანელობდა ზღვის სანაპიროზე თავდაცვითი ობიექტებისა და აეროდრომების (ადლერი, გუდაუთა) მშენებლობას. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სევასტოპოლის დაცვის ბრძოლებში, სადაც მტრის გამალებული საარტილერიო და საჰაერო ცეცხლის ქვეშ მისი ხელმძღვანელობით აშენდა რვა საცეცხლე ბატარეია, რამაც შეაჩერა მტრის წინსვლა ყირიმის მიმართულებით. იმაში, რომ ფაშისტები უმალვე ვერ შეიჭრნენ სევასტოპოლში, არის ქართველი ინჟინრის დამსახურებაც, რომელსაც მაშინ 26 წელი შეუსრულდა.
მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, არჩილ გელოვანი დაჯილდოვდა ორი ორდენით. პირველი საბრძოლო ჯილდო – წითელი ვარსკვლავის ორდენი – ლეიტენანტ გელოვანს სწორედ სევასტოპოლის დაცვის დროს, 1941 წლის დეკემბერში გადასცეს. მაშინ დაჯილდოება მეტად იშვიათი ამბავი იყო…
1945 წლიდან არჩილ გელოვანი ხელმძღვანელობდა ოდესის სამხედრო-საზღვაო ბაზის აღდგენის მშენებლობას. 1949 წლიდან გადაიყვანეს მოსკოვში. მსახურობდა შავი ზღვის ფლოტის საინჟინრო სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე: ჯერ სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 1953 წლიდან კი — იმავე სამმართველოს უფროსად და შავი ზღვის ფლოტის სარდლის თანაშემწედ მშენებლობის დარგში.
1953 წლიდან არჩილი თითქმის 12 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა შავი ზღვის ფლოტის ბაზისა და ქ. სევასტოპოლის აღდგენის სამუშაოებს. ომის შედეგად თითქმის მიწასთან გასწორებული შავიზღვისპირა ქალაქების აღდგენაზე გაწეული კოლოსალური შრომის შედეგი გახლდათ მისთვის გენერლის წოდების, მთავრობის ჯილდოებისა და „ქალაქ სევასტოპოლის საპატიო მოქალაქეობის“ მინიჭება.
1960 წლის იანვარში სსრ კავშირში შეიქმნა შეიარაღებული ძალების ახალი სახეობა – სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, რომლის ცენტრალურ აპარატში მალე გადაიყვანეს გენერალი გელოვანი, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სამხედრო ინჟინერ-მშენებელი.
1962 წლიდან მას საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა სსრკ სარაკეტო ჯარებში და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. 1964–1969 წლებში იყო სარაკეტო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე მშენებლობის დარგში და სამხედრო საბჭოს წევრი; 1969–1971 წლებში – სსრკ თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე; 1971–1974 წლებში – სსრკ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ექსპერტიზის უფროსი; 1974–1978 წლებში – სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო მშენებლობისა და ჯარების განლაგების დარგში.
საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში არჩილ გელოვანი იყო საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი კაპიტალურ მშენებლობაში (1977); უკრაინისა (1962) და რსფსრ (1971) დამსახურებული ინჟინერი. 1968 წელს მას მიენიჭა ლენინური პრემია – საბჭოთა კავშირის საჰაერო თავდაცვის შექმნისათვის; 1977 წელს კი გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და პირადი მონაწილეობით აიგო ასობით სპეციალური ობიექტი, სარაკეტო-გამშვები შახტები, სამხედრო-საზღვაო ბაზები, მიწისქვეშა აეროდრომები და თავდაცვითი მნიშვნელობის სხვა ნაგებობანი, რომელთა უმრავლესობა დღესაც ემსახურება რუსეთის თავდაცვას….
არჩილ გელოვანს ყველაზე ინტელიგენტურ მარშალს უწოდებდნენ. ის იყო ყოველმხრივ განათლებული, ხატავდა შესანიშნავად, უკრავდა ფორტეპიანოზე, თავისუფლად ფლობდა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს. ზეპირად კითხულობდა „ვეფხისტყაოსანს“. უყვარდა ლიტერატურა, თეატრი, კინო, იცოდა შესანიშნავი თხრობა. ამ დროს იყო უკიდურესად უბრალო და თავმდაბალი. ის სისხლით ხორცამდე ქართველი იყო. ძალიან უყვარდა საქართველო და ჰქონდა მუდმივი კავშირი სიჭაბუკის მეგობრებთან, თანაკლასელებთან, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე №1 ქართული სკოლიდან.
არჩილ გელოვანი გარდაიცვალა მოსკოვში, 1978 წლის 19 აგვისტოს, დაკრძალულია იქვე, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.
მარშლის მეუღლე ქეთევან ვლადიმერის ასული ალხაზიშვილი იყო ცნობილი ქირურგი, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სკლიფოსოვსკის საავადმყოფოში (გარდაიცვალა 2000 წელს). ოჯახის სახელოვან ტრადიციას აგრძელებენ მარშლის შვილი, ვიქტორ არჩილის ძე (დაბ.1944 წ.) – მათემატიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, რომელიც თავის დროზე მუშაობდა სერგეი კოროლიოვთან და მსტისლავ კელდიშთან, აგრეთვე მარშლის შვილიშვილი, მისი სეხნია, არჩილ ვიქტორის ძე (დაბ.1974 წ.) –კინოპროდიუსერი.
დღეს მარშალ გელოვანის სახელს ატარებს საქართველოს დედაქალაქის ერთ–ერთი ცენტრალური, აღმაშენებლის ხეივნისაკენ მიმავალი გამზირი, რომელსაც, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადის ყველა ქართველი.