თბილისში, წყნეთის ქუჩაზე წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია თბილისში, წყნეთის ქ. N4-სა და N4ა-ში დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რებილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართებზე წყალარინების ქსელის განახლების პროექტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 51 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი – დავით კვინიკაძე შეხვდა.
გამგეობის მიერ წყლისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციის პროექტების დაფინანსებისას ამხანაგობას საკუთარ საერთო ანგარიშზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 5% უგროვდება. ეს თანხა რჩება ამხანაგობის ანგარიშზე და შემდგომში მოსახლეობის გადაწყვეტილებით მათ საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის შესაბამისად, ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს ამ წესის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად შექმნილი/რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.