თამარ გაბუნია: ქუჩის აქციების დროს არანაირი წესი დაცული არ არის, ეს ყველაფერი კი ეპიდემიას კვებავს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქუჩის აქციების დროს არანაირი წესი დაცული არ არის, ეს ყველაფერი კი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ცუდად ისახება.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული რჩება.
„შემთხვევები მაღალი რჩება. მობილობაც ძალიან მაღალია და ინფექციის გავრცელების რისკიც არსებობს. კლინიკები გადატვირთულია. 359 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და ახლა უკვე ვუყურებთ, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მომატებულია. როგორც კი იმატებს შემთხვევების რაოდენობა, ამას ორ კვირაში მოჰყვება გარდაცვალების მაჩვენებლების მატებაც. ჯერჯერობით, ვრჩებით პროპორციულად 1,4% ლეტალობის მაჩვენებელზე, თუმცა, აბსოლუტურ რიცხვებში ეს დიდი ტრაგედიაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პრევენციული ზომები გავააქტიუროთ. პირბადის გამოყენების მაჩვენებელი, სამწუხაროდ, არ აღემატება 35%-ს. ასევე, არის რეგულაციების დარღვევა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქუჩის აქციების დროს არანაირი წესი დაცული არ არის, ეს ყველაფერი კვებავს ეპიდემიას. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებული რჩება“, – განაცხადა გაბუნიამ.