გივი გაბლიანი – ქართველი ექიმისა და სამხედროს გზა გერმანელთა ტყვეობიდან ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფმდე

გივი გაბლიანის დაჯილდოვების ცერემონია გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდების მინიჭების გამო

სამხედრო მოღვაწის, ექიმისა და მემუარისტის, გივი გაბლიანის მამა ეგნატე გაბლიანი ეთნოგრაფი და პუბლიცისტი, სვანეთის ისტორიის მკვლევარი და მოამაგე იყო. პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, იკვლევდა სვანურ ფოლკლორსა და სვანთა ყოფას, პრესაში აშუქებდა სვანეთის პრობლემებს. გამოსცა სამი წიგნი: “ძველი და ახალი სვანეთი” (1926 წ.), “თავისუფალი სვანეთი” (1927 წ.), “ჯიხვი სვანეთის მთებში” (1930 წ.). ეგნატე აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში, 1921-24 წლებში სვანეთში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გაშლილი პარტიზანული მოძრაობის ერთ–ერთი მეთაური არაერთგზის იყო დაპატიმრებული. ეგნატე გაბლიანი 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი ცოლი, პედაგოგი ვერა გაბლიანი დაპატიმრებას გადაურჩა, მაგრამ დედის დაჭერის შიში,  „მტრის შვილის“ იარლიყი და მატერიალური შეჭირვება მუდმივად თან სდევდა ახალგაზრდა გივი გაბლიანს.

გივი გაბლიანი სწავლობდა თბილისის N14 სკოლაში. 1939 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ასპირანტად დატოვეს ქირურგია–ენდოკრინოლოგიის განხრით. ამავე წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, როგორც ექიმი. 1940 წელს ლიტვის ოკუპაციაში მოუხდა მონაწილეობის მიღება. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, რიბენტროპ–მოლოტოვის პაქტის საფუძველზე საბჭოელთა მიერ „კაპიტალიზმის უღლისგან განთავისუფლებულმა“ პატარა, მშვიდობიანმა, აყვავებულმა ლიტვამ გივი გაბლიანზე და დივიზიის სხვა წევრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხალხი, ოკუპირებულიც კი, უფრო თავისუფალი და ბედნიერი ჩანდა, ვიდრე „თავისუფალი“ საბჭოთა მოქალაქეები. სპეცდანიშნულების რაზმების შესვლას მოჰყვა პოლიტიკურად „საშიში“ ხალხისგან ქვეყნის გაწმენდა, სატვირთო ეშელონებით ციმბირისკენ, შრომით ბანაკებსა და გულაგებში მათი გაგზავნა. ლიტვის ბედი ეწვია ლატვიასა და ესტონეთსაც. ამ ქვეყნების ტრაგედიამ შეძრა ახალგაზრდა ექიმი – მის ქვეყანასა და ოჯახს ეს ხომ უკვე გადატანილი ჰქონდა.

1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და გივი, პრაქტიკულად, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა. ომის პირველივე თვეებში მრავალი საბჭოთა მეომარი ჩავარდა ტყვედ. მათ შორის იყო გაბლიანიც. საბჭოთა ხელისუფლებამ ხელი არ მოაწერა ტყვეთა დაცვის 1929 წლის ჟენევის კონვენციას, ამიტომ ტყვედჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაცის უფლებებს საერთაშორისო ორგანიზაციები არ იცავდნენ. ამას დაემატა სტალინის ბრძანება N270, რომლის მიხედვითაც, ტყვე სამშობლოს მოღალატედ ცხადდებოდა. ამით საბჭოთა კავშირმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავის მოქალაქეებზე.

ქართული ემიგრაცია ომის დაწყებისთანავე დაირაზმა ტყვეთა გადასარჩენად. ბანაკებიდან ქართველი, კავკასიელი და ებრაელი ტყვეები გამოიყვანეს. ტყვეობიდან გაათავისუფლეს გივი გაბლიანიც. იგი „ქართული საკავშირო შტაბის“ სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. განყოფილებას ევალებოდა აღენუსხა ტყვეთა ბანაკებში გაფანტული ქართველები, გაეთავისუფლებინა და განესაზღვრა მათი იურიდიულ–ლეგალური მდგომარეობა. გერმანული სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ გივი გაბლიანმა ობერლეიტენანტის წოდება მიიღო და 1943 წელს დაინიშნა აბვერის (მესამე რაიხის ვერმახტის სამხედრო სადაზვევრო განყოფილება) ქართულ ბატალიონ „ტამარა-II“–ის მეთაურად. მისი მეცადინეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ საბჭოთა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც შემდეგ ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფებში წევრიანდებოდნენ. ეს დანაყოფები გერმანულ ჯარებს უნდა შეჰყოლოდნენ საქართველოში და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაეცვათ ქვეყანა. ქართველები კარგად ხედავდნენ ნაციზმის ნამდვილ სახეს, მაგრამ ჰიტლერის წინააღმდეგ განწყობილი გერმანელების მსგავსად, ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერი არ იქნებოდა გერმანიის მუდმივი მმართველი და მის შემდეგ გერმანიის პოლიტიკა დაპყრობილ ტერიტორიებზე შეიცვლებოდა.

გერმანიის დამარცხებამ ქართველთა გეგმები ჩაშალა. ომის შემდეგ გერმანიის მხარეზე მებრძოლ სხვა ქართველთა მსგავსად, გივი გაბლიანი საბჭოთა მხარეს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, ამერიკაში გადასახლდა. დასახლდა ნიუ-ჯერსიში, სადაც 1987 წლამდე ექიმად მუშაობდა. იმავდროულად, სტატიებს წერდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში. რატომ, რა მიზნით და როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ემიგრანტები და ტყვეები გერმანულ ჯარში – ამ საკითხს მიუძღვნა გივი გაბლიანმა ქართულ ენაზე 1970-80-იან წლებში დაწერილი წერილები: „მეორე მსოფლიო ომი და საქართველო“ (ჟ. „ივერია“), „ფიქრები საქართველოს დამოუკიდებლობის სამოცდამეერთე წლისთავზე“, „საქართველოში გამოცემული ზიგიერთი წიგნის გამო“ (გაზ. „ქართული აზრი“) და სხვა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ გივი გაბლიანი თავისი ჩანაწერების მოწესრიგებასა და წიგნის წერას შეუდგა, ინგლისურ ენაზე დაწერილი მემუარები – „ჩემი მოგონებანი (მეორე მსოფლიო ომი)“ ქართულად ითარგმნა და ორ ტომად გამოიცა ქუთაისში 1998-2000 წლებში. გივი გაბლიანი წიგნში ყურადღებას საგანგებოდ ამახვილებს გერმანიის ღვაწლზე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე და გაბლიანთა ოჯახის თავგადასავალზე, რომელიც ტიპურია საბჭოთა სინამდვილისათვის. მის წინაშეც დგება ორ დამპყრობელს შორის მოხვედრილი ქართველის მრავალსაუკუნოვანი პრობლემა – როგორ უნდა მოიქცეს, რომელი დამპყრობლის მხარეს დადგეს, რომ გადარჩენის ნაცვლად ქვეყანა არ განადგურდეს?… რომელია ნაკლები ბოროტება?…

„ჩვენთვის ისევე მიუღებელი იყო ფაშიზმი, როგორც ბოლშევიზმი, მაგრამ თავად გერმანიის რაიხის პოლიტიკურ წრეებში იმდენად დიდი იყო ნაკადი ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობებისა, ვიმედოვნებდით, რომ დროთა განმავლობაში ეს ექსტერმიზმი განადგურებული იქნებოდა“,- წერს თავის მოგონებებში გივი გაბლიანი.

II მსოფლიო ომი კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელია საქართველოს ისტორიაში. საბჭოთა არმიის გარდა ქართველები იბრძოდნენ ანტიგერმანულ ბანაკში შემავალ ევროპისა და ამერიკის ქვეყნების არმიებსა და წინააღმდეგობაშიც და გერმანიისა და მის მოკავშირეთა არმიებშიც. ბევრი ბრძოლაში დაიღუპა, ბევრმა სიცოცხლე ტყვეთა ბანაკებში დაასრულა.

გივი გაბლიანს ცოლად ჰყავდა ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წევრის, ემიგრანტ გრიგოლ ალშიბაიას ქალიშვილი რუსუდანი (1919-2006), რომელზეც 1945 წელს დაქორწინდა გერმანიაში. მათი შვილები: გრიგოლი, ვერა და ეთერი აშშ ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები