კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წარმატებული ფეხბურთელი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც გამარჯვებას და წარმატებას მოუტანს საქართველოს

თბილისის მერი, კახა კალაძე ნუცუბიძის ფერდობზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

საფეხბურთო ცენტრი მოიცავს ერთ სტანდარტულ საფეხბურთო მოედანსა და ერთ მინი მოედანს (7×7) განათებითა და ტრიბუნით. ასევე, აშენდა შენობა, სადაც გასახდელები და ადმინისტრაციული ოთახებია განთავსებული.

„მნიშვნელოვანია ის, რომ აქ ვარჯიში და ფეხბურთის თამაში ბავშვებისთვის უფასო იქნება. ეს ძალიან მაგარი პროექტია, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ვახორციელებთ და უეფა-ს გრანტებით კეთდება. ეს ტერიტორია, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, გადავეცით ფეხბურთის ფედერაციას და ძალიან მიხარია, რომ დღეს ყველანაირად მოწესრიგებულია, გამართული ინფრასტრუქტურაა გასახდელებით, საშხაპეებით. ბავშვებს ექნებათ კომფორტულ გარემოში ვარჯიშის შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წარმატებული ფეხბურთელი ეყოლება ჩვენს ქვეყანას, რომელიც გამარჯვებას და წარმატებას მოუტანს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საფეხბურთო ცენტრის პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და “ფიფას” პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა, ხოლო ტერიტორია ფედერაციას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსგან საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობის ვალდებულებით გადაეცა. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ. მსგავსი საფეხბურთო ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ფოთში, თბილისის მასშტაბით კი გლდანის, სამგორისა და ვაკის რაიონებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები