ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, კალე ლაანეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე დელეგაციის წევრებსა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან – გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ესტონელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, მხარეებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.