„ე.წ საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხი რუსების მიერ აფხაზებისთვის შეგდებული მორიგი სატყუარაა“ – ჯემალ გამახარია

“ეს რუსების მიერ აფხაზებისთვის შეგდებული მორიგი სატყუარაა, რათა მათ უთხრან, ვითომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ჩვენ ამისთვის ვზრუნავთ და არავითარი ანექსია არ ხდებაო”, – ასე ეხმაურება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია რუსეთის საგარეო უწყების იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რუსული მხარის შეთავაზებაა, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით.

როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სინამდვილეში, რუსეთი აფხაზეთის ანექსიას ახორციელებს.

„თქვენი შეკითხვა ე.წ. საზღვრის დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხსა და ეკლესიის ე.წ. ავტოკეფალიის საკითხს ეხებოდა.

მე ამ ორ შეკითხვას გავაერთიანებდი. საქმე რაშია: რუსეთი აფხაზეთის ანექსიის გზას ადგას. 45- პუნქტიანი პროგრამა სწორედ აფხაზეთის ანექსიას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ აფხაზებმა ეს „იოლად“ გადაიტანონ, მიიღონ, წინააღმდეგობა არ გასწიონ, პერიოდულად ისეთი თემების აქტუალიზაცია ხდება, რომელმაც ანექსიის პრობლემა, რაც ძალიან მტკივნეულია აფხაზებისთვის, უნდა გადაფაროს. როცა იქ ამ თემაზე საუბარი გააქტიურდება, მერე შემოაგდებენ ხოლმე ისეთ თემას, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. ეს რას ნიშნავს, რომ აფხაზეთი ვითომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა თავისი საზღრებით და საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაცია უნდა მოახდინოს, რუსეთი კი ამ საკითხში მხარში უდგას. ანუ ანექსია კი არ ხდება, არამედ აფხაზეთის დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გამყარება.
გამორიცხულია, რომ საზღვრის რაიმე დელიმიტაცია და დემარკაცია მოხდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა საკმაოდ მკაფო განცხადება გააკეთა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ დაძაბული ვითარებაა. დღეიდან, ვეტერანების უვადო აქცია იწყება, რომელიც ჯერჯერობით დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას ისახავს მიზნად, მაგრამ თუ ეს არ მოხდება, შემდეგ პარლამენტის, მთავრობის, პრეზიდენტის დათხოვნის საკითხიც იქნება დღის წესრიგში. როგორ განვითარდება მოვლენები, მივადევნებთ თვალს“, – განაცხადა გამახარიამ.

გამახარია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტსაც გამოეხმაურა.

„ბჟანია მოსკოვში 8 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრამდე იმყოფებოდა. მას სხვადასხვა შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის, რუსეთის ფინანსთა მინისტრთან, „როს ავიაციის“ ხელმძღვანელთან, ასევე თავდაცვის მინისტრთან, შოიგუსთან, ასევე იყო სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, თუ უმნიშვნელო შეხვედრები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მოსკოვის შეხვედრებზე იხილებოდა, ესაა ყბადაღებული, „აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“, რომელიც დამუშავების სტადიაშია. ჩვენ ადრეც გვისაუბრია ამ პროგრამის შესახებ. ეს პროგრამა, ფაქტობრივად, 2020 წლის ნოემბერში რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის“ ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმების გაგრძელებაა. აღნიშნული პროგრამა, რომელიც ამ წლის ბოლომდე უნდა იყოს დამტკიცებული, გათვლილია 2025 წლამდე და ეკონომიკის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მსგავს პროექტებს ითვალისწინებს. ჯერჯერობით ეს პროგრამა ხელმოწერილი არაა. ვიზიტის დროს ამ პროგრამის შემუშავების დასრულების და რეალიზაციასთან საკითხებთან დაკავშირებით იყო საუბარი. ერთერთი საკითხი, რომელიც იხილებოდა, ენერგეტიკული პრობლემაა. ამჯერად, საუბარი იყო იმ კრიზისის დაძლევაზე, რომელიც დღეს აფხაზეთშია. მიუხედავად იმისა, რომ ენგურჰესი რეაბილიტაციის შემდეგ გამართულად მუშაობს, ზაფხულიდან მოყოლებული აფხაზეთში ელექტროენერგია არ ჰყოფნით და დენი მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდება. აფხაზეთის გაზიფიკაციაზეც იყო საუბარი.

ვიზიტის დროს საუბარი იყო 4, 7 მილიარდი რუბლის გამოყოფის შესახებ, რომელიც ელექტროქსელების პირველად რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. აფხაზეთში არავის უყენია მრიცხველები. ვინ რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, კაცმა არ იცის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი განსაკუთრებული მნიშვნელობას ანიჭებს, აეროპორტის აღდგენაა. პროექტის დასრულების ვადა 2022 წლის ოქტომბრამდე განისაზღვრა. საუბარია იმაზე, რომ თითქოს ფული უკვე გამოყოფილია, მაგრამ რამდენია გამოყოფილი, ვის მიერაა გამოყოფილი, ბჟანიას ამის თაობაზე არ უსაუბრია. ასევე, საუაბრი იყო ფსოუზე ე.წ. საზღვრის გადაკვთის პროცედურის განმარტივების შესახებ.
როგორც მოგახსენეთ, ბჟანია შოიგუს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ რუსული მეშვიდე სამხედრო ბაზა, რომელიც აფხაზეთშია, უნდა გაძლიერდეს. საუბარი იყო თავდაცვის უწყების მიერ რაღაც გზების მშენებლობის შესახებ. რა გზებია კოკრეტულად, არ თქმულა. კოდორის ხეობაში 2 გვირაბის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს.

ბჟანიამ ამ ვიზიტის შედეგებს მაღალი შეფასება მისცა. მაგრამ, ერთერთი აფხაზურ საინფორმაციო საშუალების, „აფხაზია ცენტრის“ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ბჟანია სადაც კი არ მივიდა, ყველგან ერთი და იგივე უთხრეს, კერძოდ: რასაც თქვენ ამბობთ, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მათი რეალიზაციისთვის ფული არ გვაქვსო.

ბჟანიამ ვიზიტის შედეგები სოხუმში შეაჯამა. ის საუბრობს იმაზე, რომ ყველგან გაგებით ხვდებოდნენ. სინამდვილეში, მას ხელში კონკრეტული ჯერ არაფერი უჭირავს, გარდა დაპირებებისა.
რაც ბჟანია ე.წ. ხელისუფლების სათავეში მოვიდა, წელიწადში ხუთჯერ მაინც ჩადის მოსკოვში და ერთსა და იმავეს ლაპარაკობს. ერთი და იგივე საკითხები, დაპირებები, პროექტები, რეალურად კი, არაფერი ხდება“, – განაცხადა გამახარიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიის 54-ე რაუნდს გამოეხმაურა, რომელიც ჟენევაში 12-13 ოქტომბერს გაიმართა.

„რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, რუსული მხარის შეთავაზებაა, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მათი შემდგომი დემარკაციით. ამაში მოსკოვს აქტიურად უჭერენ მხარს სოხუმი და ცხინვალი”, – წერია უწყების განცხადებაში.

“ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია აქვს დასამთავრებელი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 14 ოქტომებრს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს, რა თქმა უნდა, ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში მოხდება.
„ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია აქვს დასამთავრებელი და ეს, რა თქმა უნდა, მოხდება ერთიანი საქართველოს საზღვრების ფარგლებში”, – განაცხადა პრემიერმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები