ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოფლებში კორონავირუსული ვითარება მძიმდება
ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება დღითიდღე მძიმდება. ბოლო დღეების განმავლობაში, მკვეთრად იმატა ინფიცირებულთა დღიურმა მაჩვენებელმა.
მაგალითად, გუშინ ე.წ.რესპუბლიკაში ინფიცირების ანტირეკორდი დამყარდა – 120 შემთხვევა გამოვლინდა. დღეს კი 85 დადასტურებული შემთხვევაა. ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 7152 პირი დაინფიცირდა.
როგორც ახალგორის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ჯემალ ბედოევმა თქვა, ვითარება როგორც ე.წ.რესპუბლიკაში, ისე რაიონში საკმაოდ მძიმეა.
მისი თქმით, ახალგორის საავადმყოფოში საკმარისად არის ჟანგბადის ბალონები და მედიკამენტები. გარდა ამისა, მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც ანალიზების გასაკეთებლად პაციენტებთან სახლში გადის.
“გვქონდა ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფის პრობლემა, რომ ვაქცინების შენახვა ყოფილიყო შესაძლებელი. მაგრამ შევიძინეთ ახალი გენერატორი და ვაქცინაციისთვის მზად ვართ”, – თქვა ბედოევმა.
რაც შეეხება ქალაქ კვაისას, აქაც ვითარება არ არის მშვიდი, თუმცა, ბევრად სტაბილურია.
როგორც კვაისას საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ულიანა ცხოვრებოვამ თქვა, ქალაქში 21 კოვიდინფიცირებულია, მათგან 8 მკურნალობას სტაციონარში გადის, დანარჩენები – ამბულატორიულად.
ძაუზის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის, კონსტანტინე გასიევის თქმით, რაიონში ვითარება უარესდება.