ნატო-ს შეფასების მე-2 დონის მოსამზადებელი წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე ჩატარდა
„ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატოს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) მოსამზადებელი საველე სწავლება ჩაატარა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამხედრო წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე მიმდინარეობდა. მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს.
3-კვირიანი მოსამზადებელი წვრთნების შემდეგ, ქვედანაყოფი ნატო-ს შეფასების (NEL-2) მე-2 დონეს გაივლის. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.