კაპრალმა მორის საბაშვილმა რეაბილიტაციის კურსი აშშ-ში გაიარა
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ კაპრალმა მორის საბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრუკის სამხედრო სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსი დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მორის საბაშვილი აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ზედა და ქვედა კიდურებზე ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან გაიარა ოკუპაციური, აკვა და ფიზიკური თერაპიის სრული კურსი. ამერიკელმა ექიმებმა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეს უახლესი ტექნოლოგიების პროტეზები დაუმზადეს.
კაპრალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი კარლო ლაბაძე დახვდნენ. კაპრალი მორის საბაშვილი 2010 წლის აპრილში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, რა დროსაც მან კიდურების დაზიანება მიიღო. მან ხანგრძლივი მკურნალობის კურსი გერმანიასა და ამერიკაში გაიარა. მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსა და ერაყის მისიაში, – აღნიშნულია ინფორმაციაში.