ნატო-ს ფარგლებში, ვაზიანის სასროლეთზე სამხედრო წვრთნები ჩატარდა
„ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის” (OCC E&FP) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ასეულმა ნატო-ს შეფასების მე-2 დონის (NEL-2) მოსამზადებელი საველე სწავლება ჩაატარა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები ვაზიანის სასროლეთზე მიმდინარეობდა.
მე-12 ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედროებმა ბრძანების გაცემის, მოტორიზებული პატრულის, ჩასაფრებაზე რეაგირების, სამედიცინო ევაკუაციისა და უკან გამოსვლის სავარჯიშოები განახორციელეს. 3-კვირიანი მოსამზადებელი წვრთნების შემდეგ, ქვედანაყოფი ნატო-ს შეფასების (NEL-2) მე-2 დონეს გაივლის.
აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს.