რუსეთის მოქალაქეების ნარკობიზნესი ოკუპირებულ აფხაზეთში
ოკუპირებული აფხაზეთის ნარკოტიკების ბრუნვის ე.წ.სამმართველოს თანამშრომლებმა სოხუმში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორი, რუსეთის მოქალაქე, ივან ლუკიჩევი დააკავეს.
ჩხრეკის დროს მას მეტამფეტამინის 88 გრამზე მეტი აღმოაჩნდა. ლუკიჩევის თქმით, ნარკოტიკი სოჭში შეიძინა, აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალიზების მიზნით. მასზე გასვლა ე.წ. ძალოვანებმა 3 სექტემბერს სოჭის მკვიდრის, პაველ კროტოვის დაკავების შედეგად შეძლეს.
ლუკევიჩის დაკავების შემდეგ, გულრიფშის რაიონის სოფელ მერხეულში მეტადონის 5 გრამამდე იქნა ამოღებული, რომლებიც სამ სხვადასხვა ლოკაციაზე იყო დამალული.
მეტამფეტამინის კიდევ ერთი პარტია – 86 გრამზე მეტი, ამოღებულია გაგრის რაიონში.
დაკავებულს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა რეალიზაციის მიზნით.
გარდა ამისა, დღესვე გახდა ცნობილი, რომ სოხუმში დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული, ლარისა კოპიევა, რომელიც ნარკოტიკს სოციალური ქსელის გამოყენებით ყიდდა.
დაკავების მომენტში მას მეტადონის 79,16 გრამი ამოუღეს.
მასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს დამატებითი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.