„ყოველ ხატს უდიდესი სიყვარულით ვწერ… მზერაში ვეძებ იმედს“ – თვალებით მეტყველი ხელოვნება და ტურისტი, რომელიც „შენ ხარ ვენახმა“ მონუსხა

მხატვრის ოჯახში გაიზარდა. მამისგან დაჰყვა ხატვის ნიჭი და სიყვარული.
დაამთავრა 300 არაგველის სახელობის სკოლა, შემდეგ სწავლობდსასულიერო სემინარიაში, ხელოვნებათმცოდნეობისდა რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე, პარალელურად 4 წელი ეუფლებოდა ხატწერას.
ამბობს, რომ ხატწერის შესწავლა უფლისგან მინიჭებული ტალანტია, მადლია, უფლის საჩუქარია. ეს პროცესი კი სულიერ სიმშვიდეს ანიჭებს.
მისი დაწერილი ხატები დაბრძანებულია ოჯახებში, ტაძრებში, საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთ.
შექმნილი აქვს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის როგორც ზღაპრების პერსონაჟების, ასევე ანგელოზების სურათები… შვილების სიყარულის შთაგონებით იქმნება ეს ნახატები. – მხატვრისა და ხატმწერის მერი ქართველიშვილის პერსონა.

– ამბობთ, რომ ხატვის ნიჭი მამისგან დაგყვათ. პირველი ნახატები…
– ბავშვობიდან იგრძნობოდა მხატვრის ოჯახში სითბო, ფერები რომელმაც ჩემში გაიდგა ფესვები, მამა სულ მხარში მედგა, ბაღში სკოლაში… სულ გვეხმარებოდა სხვადასხვა ღონისძიების გაფორმებაში.
პირველი ნახატები – მამას დახმარებით ვასრულებდით. პატარა ასაკში გვაძლევდა უფლებას მე და ჩემს ძმას, გვემუშავა ზეთის საღებავებით. პეიზაჟებს ვხატავდით და მახსოვს, ეს როგორ მსიამოვნებდა, მეგობრებს ვუხატავდი ნახატებს.
სწავლობდისასულიერო სემინარიაში ხელოვნებათმცოდნეობისდა რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე, პარალელურად, 4 წელი, ეუფლებოდით ხატწერას… რა შეგძინათ ამ პერიოდმა?
–  სასწავლებელში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, მინდა გითხრათ უწმინდესის სიტყვები, რომლითაც მან მოგვმართა სემინარიის სტუდენტებს: მე თქვენ გაძლევთ ცოდნის გასაღებს… აი რომელ კარს შეაღებთ, ეს უკვე თქვენი არჩევანიაო.
მადლობა უფალს, მე ის კარი შევაღე, სადაც ვისწავლე, როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი.მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა ცხოვრებაში, ბედნიერი ვარ, რომ მე ეს გზა გავიარე. ხატწერის შესწავლა ის დაუსრულებელი პროცესია, რომელსაც ვერ ამოწურავ…
სულ შესწავლის პროცესში ხარ… ვფიქრობ, უფლისგან მინიჭებული ტალანტია, მადლია, როგორც წვიმა, რომელიც მიწაზე იღვრება, მცენარეებს მათთვის დამახასიათებელ თვისებებს ანიჭებს: ტკბილ სიტკბოს, მკვრივს – სიმკვრივეს, ასევე მადლიც, რომელიც მორწმუნეთა გულებში იღვრება, მათ სათნოებათა შესაბამის მადლს ანიჭებს.
ასე რომ, ვფიქრობ, ეს უფლის საჩუქარია და უნდა ვმადლობდე მას.
ხატწერა – ესაა ქადაგება ღვთის დიდების, უფალი კი მაშინ გვიახლოვდება, როცა თავად ვუახლოვდებით მას. იმისთვის, რომ ჩვენთან იყოს ღმერთი, საჭიროა, რომ ჩვენ ვიყოთ მასთან… როდესაც ვწერ ხატს, ეს გრძნობა მიმძაფრდება…
დაწერილი გაქვთ მრავალი ხატი… „მწყემსი კეთილი“, „შენ ხარ ვენახი“, „იოსები და ქრისტე“, „წმინდა კირა“, „წმინდა ნინო“, „წმინდა გიორგი“, „რომანოზ ტკბილად მგალობელი“, „სევერიანე აჭარელი“, „სამება – აბრაამი და სარა“… რას განიცდით ხატის წერის დროს?
– ეს ხატები შექმნილია ბოლო ათი წლის განმავლობაში… დაბრძანებულია საქართველოს მასშტაბით ტაძრებში, ოჯახებში, ასევე – საზღვარგარეთ.
ხატწერის დროს ვლოცულობთ, რომ უფალმა განანათლოს და განაბრძნოს სული, გული და გონება ჩვენი, ხელი ჩვენი წარმართოს, რათა უცოდველად და უჩინებულესად გამოვხატვიდეთ ცხოვრებასა მისსა, სადიდებლად, სამკაულად და ბრწყინვალებად წმიდისა ეკლესიისა და მისატევებელად ცოდვათა ყოველთა სულთა თაყვანისმცემელთა და კეთილკრძალულობით ამბორისმყოფელთა წმიდათა ხატთა.
ლუკა მახარებელს ვთხოვთ შემწეობას, როგორც ხატმწერ მოციქულს და ასე ლოცვით იქმნება ხატი. სულიერ სიმშვიდეს მანიჭებს ეს პროცესი…
როგორც ვნახე, ხატებზე თვალები განსაკუთრებულად საინტერესოა.  თქვენ თავად რომელ ხატს გამოარჩევდით?
– თვალებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ და ამას გრძნობენ… როდესაც ვლოცულობთ ხატის წინაშე, მისგან ვითხოვთ მეოხებას, თვალებში, მზერაში ვეძებთ იმედს. ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს შინაგანად ხატმწერისგან მოდის, თვალები სულის სარკეაო, – ამბობენ. ერთერთი ტურისტი, სხვათა შორის, კათოლიკე აღფრთოვანებული დარჩა, როდესაც დაინახა „შენ ხარ ვენახი“- ს ხატი, რა საოცარი თვალები აქვსო, მსწრაფლ გადაწყვიტა შეეძინა, იმხელა სითბო ჩაეღვარა ადამიანს.
ჩემი მოძღვარი, დეკანოზი აბრაამ სოლომნიშვილი სულ ხედავდა ჩემში ალბათ რაღაც განსაკუთრებულს ამ კუთხით… პირველი შეკვეთები მისგან ავიღე – „წმინდა სამების ხატი, აბრაამი და სარა”.
ყოველ ხატს უდიდესი სიყვარულით ვწერ… სხვანაირად ხატწერა შეუძლებელია. ეს ხატვა არაა, სადაც შეგიძლია, ნებისმიერი ემოცია გადმოსცე. დაწერილი ხატი უნდა გამშვიდებდეს, გაიმედებდეს, რომ უყურებ თვალებში, რწმენაში გაძლიერებდეს.
– დარდების შემგროვებელი პატრიარქი… როგორ შეიქმნა ეს სურათი? თუ შეხვედრიხართ პატრიარქს?
სტუდენტობის  დროს გვქონდა უწმინდესთან შეხვედრების ბედნიერება. მის დანახვაზე ბედნიერებისგან სულ ვტირი, უფალმა დიდხანს გვიცოცხლოს. ბოლოდროინდელმა ამბებმა განაპირობა ამ ნახატების შექმნის სურვილი. რამდენს უძლებს ერის სულიერი მამა. ვგულისხმობ ცილისწამებას… ჩვენი უწმინდესი არის ერის დარდების შემგროვებელი და უფლის წინაშე ჩვენთვის მლოცველი მამა.
– გაქვთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის როგორც ზღაპრების პერსონაჟები, ასევე ანგელოზები…  სურათებიც და პანოებიც… როგორ ქმნით ამ ნახატებს?
– მოგეხსენებათ, მყავს ორი შვილი – 6 წლის თომა  და 4 წლის  სიდონია. მათი სიყვარულის შთაგონებით ვქმნი ასეთ ნახატებს, ვგიჟდები, ისე მიყვარს ბავშვები, ყოველი მათთან გატარებული დღე ჩემთვის დღესასწაულია, რომელსაც სულ ფერებით ვალამაზებთ, ერთად ვქმნით ამ სილამაზეებს.  ყველაფერში ჩართულები არიან.
– როგორ მუშაობთ? რა გაძლევთ შთაგონებას?
– შთაგონება არის სიყვარული უფლისადმი, სამშობლოსადმი, ოჯახის, რაც ძვირფასია ჩემთვის.
სამუშაოდ ვიყენებ შერეულ ტექნიკას – აკრილს, ზეთის საღებავებს, აკვარელის ფანქრებს, ბუნებრივ  პიგმენტებს.
– გვიამბეთ მამაზე… მის მხატვრობაზე…
– მამამ დაამთავრა თოიძის სასწავლებელი… ბავშვობიდან ხატავს პეიზაჟებს. უყვარს სიმშვიდე…
ახლა ის კახეთშია, ტკბება კავკასიონის ხედით.. თან უყურებს, თან ხატავს… ეს მას ამშვიდებს. უხარია ჩემი ყოველი ნამუშევრის ხილვა.. და ამაყობს ჩემით ისევე, როგორც მე ვამაყობ მისით…
– ჰობი…
– ხატვა, მცენარეების მოვლა… დიზაინერობა…
– ოჯახი.. გვიამბეთ ოჯახზე… როგორ გეხმარებიან შემოქმედებით საქმიანობაში?
– ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ცელქი პატარები, მაინც ერთად ვახერხებთ ხატვას, აქედანვე სწავლობენ  ყველაფრის გაფრთხილებას, სიყვარულს, მოვლას.
სახლში გვყავს ერთგული მეგობარი ძაღლი – ტომსი, ჩიტი – ამადინი, თევზები, მცენარეები. ასე რომ, ერთობლივად ვუვლით და ვცხოვრობთ თბილ, ვფიქრობ, მყუდრო გარემოში.
მეუღლე სტიქაროსანია. ეკლესიის წიაღში ვხარობთ და ვმადლობთ უფალს ყოველი გათენებული დღისთვის.
– გამოფენები…
– ხატწერის გამოფენა იყო, სადაც ჩემი ნამუშევრები მქონდა გატანილი, ბავშვობაში… არაერთ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა.. სულ ახლახან შევქმენი გვერდი – Mery’s Art, სადაც ვდებ ჩემს ნამუშევრებს, და დაინტერესებული პირები მიკვეთავენ.
– სამომავლო გეგმები…
– გეგმებს რაც შეეხება, ვფიქრობ, არ შევწყვიტო ხატვა, ნიკალასავით… „დახატე ნიკალა, დახატე“…
გეგმებზე საუბარი ცოტა მიძნედება, რადგან ჯერჯერობით შეკვეთებზე ვარ დამოკიდებული.
მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემი შემოქმედებით.

                                                                                                                       თამარ შაიშმელაშვილი

მთავარ სურათზე: მერი ქართველიშვილი, თავის  მოხატულ კედელთან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები