სოხუმში 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტზე ე.წ. მინისტრის ორ მოადგილეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურორის, ადგურ აგრბას განცხადებით, ე.წ. შს მინისტრის მოადგილეების, რაშჩა წვიჟბასა და დადინა ჩაჩხალიას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

საქმე ეხება 30 სექტემბერს სოხუმში, რესტორან «Rina»-სთან მომხდარ ინციდენტს, როდესაც ე.წ.დეპუტატ გარი კოკაიასა და ე.წ.ძალოვანებს შორის კონფლიქტი მოხდა. მანამდე კი, კოკაიამ ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა და ე.წ. ძალოვანებს არ დაემორჩილა.

როგორც აგრბამ თქვა, წინასაგამოძებო შემოწმების შედეგად, “შს მინისტრის ორი მოადგილის, რაშჩა წვიჟბასა და დადინა ჩაჩხალიას წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 288-ე მუხლით, რაც ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებს გულისხმობს და სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს”.

მისი თქმით, “პარლამენტის დეპუტატ გარი კოკაიას მიმართ, პროკურატურა ხედავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც 207-ე მუხლით არის გათვალისწინებული და ხულიგნობასა და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას გულისხმობს”.

30 სექტემბერს, 22:15 წუთზე სოხუმში ე.წ. დეპუტატმა, გარი კოკაიამ რესტორან «Rina»-სთან, თანმხლებ პირებთან ერთად, ჰაერში 5 გასროლა განახორციელა.

მილიციის მოთხოვნაზე იარაღის ჩაბარების შესახებ, მან უარი თქვა. კოკაიასა და მილიციას შორის კონფლიქტი წარმოიქმნა, რის შემდეგაც მან ადგილი დატოვა და მიიმალა. 2 ოქტომბერს მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

უკვე 1-ელ ოქტომბერს, 00:10 წუთზე ე.წ.პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი, ალმასხან არძინბა სამსახურებრივი მანქანით ე.წ.შსს-ს შენობასთან მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა, იგინებოდა და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან ჰაერში 20-მდე გასროლა განახორციელა, ასევე, ადგილიდან მიიმალა.

“არუაა”-ს წევრები ამბობენ, რომ 30 სექტემბერს 7 ვეტერანია ნაცემი, ისინი ადგილზე მიაგდეს და მიიმალნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები