სანდრო თვალჭრელიძე: ნორმალურ ქვეყნებში ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არც კი იცის, ვინ არის მისი ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენში ყველამ ისიც კი იცის, ვინ არის თაკო ჩარკვიანი
“ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ, უპირველესად, ხელი შეუშალა მესამე ძალის გაძლიერებას და ასარგებლა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, რადგან ისევ პოლარული დარჩა პოლიტიკური ველი”,- ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, მოსახლეობის ნაწილი ისე ცხოვრობს, რომ არც მიხეილ სააკაშვილი აინტერესებს და არც ბიძინა ივანიშვილი.
“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი ჩამოსვლა და ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ძალიან მოულოდნელი იყო. თავის დროზე ერთ-ერთ ინტერვიუში დავსვი შეკითხვა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ერთი რეჟისორი ჰყავს თუ მრავალი-მეთქი? 1-ლ ოქტომბერს სააკაშვილის დაკავებამ დამაფიქრა იმაზე, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელით იმართება. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ, უპირველესად, ხელი შეუშალა მესამე ძალის გაძლიერებას და ასარგებლა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, რადგან ისევ პოლარული დარჩა პოლიტიკური ველი. თუმცა გიორგი გახარიამ მაინც მოახერხა მხარდაჭერის მოპოვება. დარწმუნებული ვარ, რომ არა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, ის გაცილებით მეტ ხმას მიიღებდა.
არა მგონია, სააკაშვილს თავგანწირვა შეეძლოს. ჩემი აზრით, მას ეგონა, რომ მეორე “ვარდების რევოლუციას” მოაწყობდა. არ გამოვრიცხავ, ამის შესაძლებლობაში ის მიზანმიმართულად დაერწმუნებინათ. არადა, დღეს რევოლუციისთვის საზოგადოების მობილიზება პრაქტიკულად, შეუძლებელია. ხომ ვხედავთ, რამდენი ადამიანი მიდის ყოველდღიურად რუსთავის ციხესთან პროტესტის გამოსახატავად. ვფიქრობ, მიშას ჩამოსვლამ “ნაციონალურ მოძრაობაშიც” ბევრი დააბნია. დღეს სააკაშვილს თაკო ჩარკვიანი ჰყავს მთავარ მხარდამჭერად, რომელმაც ხმების 1%-იც ვერ მიიღო, მაგრამ უკვე პოლიტიკური ფიგურობის პრეტენზია აქვს. აბსოლუტურად გაუგებარი რაღაცები ხდება საქართველოში. ადამიანი მოისურვებს გახდეს პოლიტიკოსი და ამისთვის საკმარისია, თვითონ განაცხადოს ამის თაობაზე, თქვენ, მასმედია, კი ხელს უწყობთ, როცა ამისთანა ვაიპოლიტიკოსების აზრით ინტერესდებით. დამერწმუნეთ, ჩვენი მოსახლეობის ნაწილი ისე ცხოვრობს, რომ არც მიხეილ სააკაშვილი აინტერესებს და არც ბიძინა ივანიშვილი.
ადამიანებს გვსურს მშვიდად ცხოვრება და ამაში ხელს, უპირველესად, პოლიტიკოსები გვიშლიან. ნორმალურ ქვეყნებში ხალხის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არც კი იცის, ვინ არის მისი ქვეყნის პრეზიდენტი, თუმცა ჩვენში ყველამ ისიც კი იცის, ვინ არის თაკო ჩარკვიანი. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არის კარგად დადგმული სპექტაკლი. არ ვიცი, ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც სააკაშვილია, ანკესზე როგორ წამოაგეს. მოკლედ, ვფიქრობ, მისი პროვოცირება ვიღაცას ძალიან კარგად გამოუვიდა. სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ ის, რომ ასე უცნაურად ჩამოვიდა და ჩაჯდა ციხეში. არ ვიცი, რას აპირებს – ამ 6 წელს სატუსაღოში გაატარებს თუ საავადმყოფოში გადაიყვანენ. ვეჭვობ, ის ციხიდან გამოუშვან, რადგან ამ შემთხვევაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა უმრავლესობა ამ პარტიაზე ხელს აიღებს. მათ არ სურთ “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნება ხელისუფლებაში. ეს რომ ნამდვილად ასეა, ვნახავთ თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში, როდესაც კალაძე მელიას დიდი უპირატესობით დაამარცხებს. ჩემი ვარაუდი, რომ გიორგი გახარია მოახერხებდა იმხელა რესურსის მობილიზებას, რომ “ოცნების” უმრავლესობის დაშლას მოახერხებდა, არ გამართლდა. ამაში მას სააკაშვილმა შეუშალა ხელი, რითაც ისევ “ქართული ოცნება” გაძლიერდა.
არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად სცოდავენ და ისე ლაპარაკობენ, ხელისუფალს რომ არ შეეფერება. მარტო ღარიბაშვილის ის ნათქვამი რად ღირს, ჩვენ ვთქვით, რომ გახარია ნარკომანია და ახლა ამტკიცოს, რომ არ არისო… და ამას ამბობს სახელმწიფოს პირველი პირი! აბსოლუტურად არ ფიქრობენ, რას ამბობენ… მიმაჩნია, რომ საქართველო უკეთესი პრემიერ-მინისტრის ღირსია. არაერთხელ მითქვამს, რომ ღარიბაშვილი სულ სხვაგვარი პრემიერი იყო ბიძინა ივანიშვილის შედარებით აქტიური პოლიტიკოსობის დროს და სულ სხვაგვარია ახლა. მაშინ მისი პოლიტიკა უფრო გაწონასწორებული და სასარგებლო იყო. დღეს ღარიბაშვილის საუბრების მთელი შინაარსია ის, თუ როგორი საშინელებაა “ნაციონალური მოძრაობა”. რას აკეთებს გახარიასა და სააკაშვილის ლანძღვის მეტს? სააკაშვილს არ მივიჩნევ პოლიტიკურ პატიმრად, თუმცა, ამასთანავე, ყოვლად მიუღებელია მისთვის თუ გახარიასთვის ნარკომანის ძახილი.
მისასალმებელია, რომ გახარიას პარტია ამ არჩევნებში გამოჩნდა, როგორც მესამე ძალა და საქართველოს მასშტაბით საკრებულოების უმრავლესობაში მოახერხა დეპუტატების გაყვანა. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უფრო მომაგრდებიან. გახარიას, ვფიქრობ, არა აქვს ფუფუნება, რომელიმე ამ პარტიასთან კოალიცია შექმნას. ჩემი აზრით, მას მოუწევს თემატური თანამშრომლობა და უფრო მეტად “ქართულ ოცნებასთან”, – აცხადებს თვალჭრელიძე.
კითხვაზე – “გახარიას თქმით, მისი პარტია არ აპირებს, მეორე ტურში მხარი დაუჭიროს რომელიმე პარტიის კანდიდატებს, “ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, გახარიას ეს პოზიცია აჩვენებს, რომ ის რეალურად არ არის მმართველი ძალის ოპოზიციაო”, – ექსპერტი თვლის, რომ ყოფილი პრემიერის პოზიცია მართებულია.
“ გახარიას ეს პოზიცია აბსოლუტურად სწორია. მითხარით, რა არის საქართველოში ოპოზიცია. გვყავს, მგონი, 70-ზე მეტი პარტია, მაგრამ როცა ოპოზიციას ვახსენებთ, ძირითადად, მაინც ვგულისხმობთ “ნაციონალურ მოძრაობას”. რას ნიშნავს ერთიანი ოპოზიცია, რატომ უნდა იყოს თაკო ჩარკვიანის გადასაწყვეტი, რას გააკეთებს გახარია? მას აქვს თავისი ცენტრისტული პოზიცია, არ აპირებს არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” და არც “ქართულ ოცნებასთან” ასოცირებას. მისი ხმების გარეშე ბევრ საკრებულოში გადაწყვეტილებების მიღება გაჭირდება, ამიტომაც მან უნდა მოახერხოს სწორად პოზიციონირება. თუ ის დღეს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს დაუჭერს მხარს, აღმოჩნდება ამ პარტიის ორბიტაზე და დაკარგავს თავის განსხვავებულობას”.
სწორედ ეს დაემართა “ლელოს”. უკვე ორი წელიწადია ვამბობ, რომ მათ დაუშვეს მძიმე შეცდომა, როდესაც ისეთივე ლექსიკით და იმავე პოზიციიდან დაუპირისპირდნენ “ქართულ ოცნებას”, როგორც ამას “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა. მიიღეს კიდეც ამის უაღრესად ნეგატიური შედეგი. სხვათა შორის, მომეწონა “ლელოს” პოზიტიური წინასაარჩევნო პიარი, რასაც ვურჩევდი გიორგი გახარიასაც. ხალხი დაიღალა ნეგატივით. გახარიას ასევე ვურჩევ, დაიქირაოს პროფესიონალი პიარის სპეციალისტი, რომელიც მომავალი არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის სტრატეგიასა და ტაქტიკას დაუგეგმავს. ნუ ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. რაც შეეხება საპროტესტო აქციების დაანონსებას სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ჩემი აზრით, აქციებით საქართველოში კარგა ხანს ვერაფერს მიაღწევენ _ უფრო იმის მჯერა, ხალხი გამოვიდეს მოთხოვნით, სააკაშვილი ციხიდან არ გამოუშვათო, რადგან იმდენი ადამიანი ჰყავს იმ რეჟიმს გამწარებული, ბევრს მართლაც ძალიან აშინებს “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა”, – აცხადებს თვალჭრელიძე.