საქართველოს დაკავებული მოქალაქე ოკუპანტებისგან გაქცევას ცდილობდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა – რას აცხადებენ ე.წ. ცხინვალში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი ტრავმირებულია, რადგან დაკავებისას 10-12 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას “კგბ”-ს პრესსამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ თავდაპირველად ე.წ. საზღვარი 4 პირმა გადაკვეთა, თუმცა ე.წ. მესაზღვრეების გამოჩენის შემდეგ ერთმა უკან დაბრუნება შეძლო, სამი კი, დაკავებულია.

“სამიდან ერთი, გაქცევისას 10-12 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შემდეგადაც ტრავმა მიიღო და მოგვიანებით დააკავეს. დაშავებულს საჭირო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო, ქართული მხარისთვის მისი გადაცემის საკითხი მუშავდება. დანარჩენ ორთან მიმართებით პროცესუალური ქმედებები გაგრძელდება”,- აღნიშნავენ “პრესსამსახურში”.

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სუს-მაც გაავრცელა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

უკანონოდ დაკავებული ერთი პირი უახლოეს პერიოდში გადმოეცემა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონო პატიმრობაში დარჩენილი პირების გათავისუფლების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები