სოხუმში, საქართველო-აზერბაიჯანი -თურქეთის სამხედრო სწავლებას გამოეხმაურნენ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამხედრო სწავლება Enternity-2021-ს “საშიშ პროვოკაციულ გამოხტომას” უწოდებს, რაც “საქართველოს სამხედრო ამბიციების წახალისებას წარმოადგენს”.
ამის შესახებ ე.წ.უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
ე.წ.საგარეო უწყების ინფორმაციით, სწავლების დროს “სამი ქვეყნის სამხედროები რეგიონის ეკონომიკური პროექტების დაცვის საორგანიზაციო ამოცანებს შეასრულებენ”.
“მდგრადი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართელოს მთავრობა სერიოზულად არის განწყობილი, შექმნას საკუთარ ტერიტორიაზე დაუსახელებელი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მიმართული საბრძოლო მოქმედებების შემუშავების ერთგვარი პოლიგონი. როგორც ჩანს, აშშ-ისა და ნატო-ს სამხედრო სიძლიერე და პოტენციალი საქართველოსთვის უკვე არასაკმარისია და ბოლო წლებში თბილისი აქტიურად აღრმავებს სამხედრო კავშირებს ბაქოსა და ანკარასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.
აფხაზი ე.წ. დიპლომატები ეჭვის ქვეშ აყენებენ სამხედრო სწავლების გაცხადებულ მიზნებს და აღნიშნავენ, რომ “ქართული მხარე სხვადასხვა განცხადებით ნიღბავს სამხედრო სწავლებებს, ოდესღაც ეს იყო რკინიგზის დაცვის აუცილებლობა, ახლა – რეგიონული ეკონომიკური პროექტების დაცვა”.
“აფხაზეთში აქტიურად აკვირდებიან საქართველოს მილიტარიზაციის პროცესს და, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან, შესაბამისი ნაბიჯები გადადგან საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია დოკუმენტში.