სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შენობასთან ე.წ. შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ
სოხუმში, ე.წ. პარლამენტის შენობასთან ვეტერანები შეიკრიბნენ, რომლებიც 30 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ და ე.წ. შს მინისტრის, დიმიტრი დბარის გადადგომას ითხოვენ.
შეკრებილებთან დე ფაქტო ვიცეპრეზიდენტი, ბადრა გუნბა და ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა გავიდნენ და ხალხს დაშლისკენ მოუწოდეს, რომ დაელოდონ ინციდენტის გამოძიებას.
თუმცა, შეკრებილების რიგებში გაისმა მოწოდება, ხალხთან ასლან ბჟანია გავიდეს.
30 სექტემბერს, 22:15 წუთზე სოხუმში ე.წ. დეპუტატმა, გარი კოკაიამ რესტორან «Rina»-სთან, თანმხლებ პირებთან ერთად, ჰაერში 5 გასროლა განახორციელა.
მილიციის მოთხოვნაზე იარაღის ჩაბარების შესახებ, მან უარი თქვა. კოკაიასა და მილიციას შორის კონფლიქტი წარმოიქმნა, რის შემდეგაც მან ადგილი დატოვა და მიიმალა. 2 ოქტომბერს მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.
უკვე 1-ელ ოქტომბერს, 00:10 წუთზე ე.წ.პარლამენტის კიდევ ერთი დეპუტატი, ალმასხან არძინბა სამსახურებრივი მანქანით ე.წ.შსს-ს შენობასთან მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა, იგინებოდა და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან ჰაერში 20-მდე გასროლა განახორციელა, ასევე, ადგილიდან მიიმალა.
“არუაა”-ს წევრები ამბობენ, რომ 30 სექტემბერს 7 ვეტერანია ნაცემი, ისინი ადგილზე მიაგდეს და მიიმალნენ.