სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმი გამოგონილი მიზეზებით უზღუდავს ენგურზე მოქალაქეებს გადაადგილებას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ ენგურზე მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვის ფაქტს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოგონილი მიზეზებით ზღუდავენ მოქალაქეთა გადაადგილებას.
“საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გამოგონილი მიზეზებით ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა ყველა პირისთვის, სამედიცინო დახმარების საჭრიოების მქონე ადამიანების გარდა.
მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამოგონილ უსაფრთხოების გამოწვევებს, მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებს.
მსგავსი დამაზიანებელი პრაქტიკა გასულ წლებშიც დაფიქსირებულა.
დაწესებულ უკანონო შეზღუდვასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია”, – ნათქვამია განცხდებაში.