კახა კალაძე: ამ 4 წლიდან 2 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, გაჩერებული ვიყავით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელება, თუმცა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მომავალი 4 წლის განმავლობაში, აღნიშნული პროექტები აუცილებლად განხორციელდება.

„ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ გვაქვს პროექტები, რომელთა განხორციელებაც ვერ შევძელთ და დროებით გავაჩერეთ. ამას აქვს თავისი ახსნა და მე არ მერიდება ამაზე საუბარი. ამ 4 წლიდან 2 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, გაჩერებული ვიყავით და არცერთი მასშტაბური პროექტი არ განხორციელებულა. თანხები, რომლებიც ამ პროექტებისთვის გვქონდა მობილიზებული, მოგვიწია გადაგვემისამართებინა იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთაც არსებული პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გაუჭირდათ. უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, ასევე დავეხმარეთ ბიზნესს.

ყველაზე მთავარია, როგორი იქნება მომავალი 4 წელი და რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. ორი დღის წინ დავიწყეთ უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც 4-ზოლიანი იქნება, გამოიყოფა სივრცე ფეხით მოსიარულეებისთვის და იქნება ველობილიკიც. ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, განვტვირთოთ თამარაშვილი-ბაგები-წყნეთი მიმართულება. ასევე, დავიწყეთ ისტორიული პროექტი, რომელსაც ჰქვია რუსთაველისა და მთაწმინდის საბაგირო გზა, რომელიც საათში, დაახლოებით, 1200 მგზავრს მოემსახურება. დავიწყეთ ძველი თბილისის რეაბილიტაცია. უამრავი ადამიანი ელოდება, გაგრძელდეს ეს პროექტი და ვპირდები მათ, რომ ძველი თბილისის განახლება ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი პრიორიტეტი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები