კალაძე: ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც რეალურად საუბრობდა თბილისზე და ჰქონდა რეალური საარჩევნო პროგრამა

თბილისის მოქმედი მერისა და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ის ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც რეალური საარჩევნო პროგრამა აქვს.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც რეალურად საუბრობდა თბილისზე და ვისაც ჰქონდა რეალური საარჩევნო პროგრამა. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის, უბრალოდ, ლამაზად დაწერილი სიტყვები. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომელთაც ზურგს უმაგრებს ამ 4 წლის განმავლობაში გაკეთებული კონკრეტული საქმეები,“ – აღნიშნა კალაძემ.

როგორც მერმა განაცხადა, ის მადლობას უხდის მის მხარდამჭერებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.

„მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ დროის მანძილზე ჩართული იყო წინასაარჩევნო კამპანიაში და ზურგს გვიმაგრებდა. უამრავი შეხვედრა გავმართეთ და წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა, თუ როგორ ვხედავთ ქალაქის განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები