ცხინვალის “კგბ” ვალია ვანიშვილის ნათესავებს აფრთხილებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ახალგორში მცხოვრები დათა ვანიშვილის (დათა პაპა) ცოლის, ვალია ვანიშვილის შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.
“კგბ”-ში აცხადებენ, რომ ქართული მედია ვალია ვანიშვილის შევიწროებასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს.
რიგორც ცნობაშია ნათქვამი, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ ვალია ვანიშვილს ნათესავების მონახულების შესაძლებლობა არ აქვს.
„საქართველოში სანიტარიულ-ეპიდემიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციისა და სახელმწიფო საზღვრის დახურვის ფონზე, სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ შეიმუშავა მექანიზმი იმ პირთა დაშვებისთვის, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, გაემგზავრონ საქართველოში ან დაბრუნდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ზომა გულისხმობს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებისადმი მიმართვასა და შემდგომ საშვის მიღებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
“კგბ” აფრთხილებს ე.წ. მოსაზღვრე რაიონების მაცხოვრებლებს, მათ შორის, ვალია ვანიშვილის ახლობლებს, თავი შეიკავონ ე.წ.სასაზღვრო წესების დარღვევისგან, რადგან “სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის შემთხვევაში მათ შეიძლება, შეექმნათ არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა”.