მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდის გამაგრება დასრულებულია
მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული ფერდის გამაგრების სამუშაოები დასრულებულია. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„როდესაც მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღვადგინეთ, მაშინ საზოგადოებას ვაცნობე, რომ დარჩენილი იყო ფერდის გამაგრების სამუშაოების მცირე ნაწილი. დღეს მინდა, გაცნობოთ, რომ ფერდის გამაგრება მთლიანად დასრულებულია.
თქვენ იცით, რომ ამ ხნის განმავლობაში მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა მეწყრულ ზონაში: დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, იგივე გაკეთდა შეშელიძის ქუჩაზეც და მიმდინარეობს დაკვირვების რეჟიმი; ფერდიდან მოიხსნა დიდი მოცულობის მიწა; შეიქმნა ე.წ. წინაღობები; გაკეთდა ჭაბურღილები და განხორციელდა ცემენტაცია, ასევე, გამოყენებული იქნა ანკერები, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს ეს ფერდი. გადაადგილების თვალსაზრისით, დიდი ხანია, უსაფრთხოა. ამჟამად, მიმდინარეობს ფერდის გამწვანების სამუშაოები. ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რათა წყლის არიდება მოხდეს ფერდისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.