პატრიარქის მოსაყდრემ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა
სოხუმის დაცემის დღეს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა, შემდეგ კი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზთან (ფაჩუაშვილი) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, პანაშვიდს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები.
“პანაშვიდის დაწყებამდე, ქადაგებისას, მიტროპოლიტმა შიომ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტისა და სოხუმის დაცემის დღის შესახებ ისაუბრა და ბრძანა:
„დღეს, ამ დიდ საზეიმო დღესთან ერთად, გვაქვს სამწუხარო დღეც. დღეს არის სოხუმის დაცემის დღე. ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგიკულ ომს, ამ ომის დღეებს. ახლა გადავიხდით პანაშვიდს აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების მოსახსენიებლად.
მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვილოცებთ არა მარტო ქართველებისთვის, ვინც ამ ომში დაეცა, არამედ აფხაზებისთვისაც. მინდა გავიხსენო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სიტყვები. მან ბრძანა, რომ „ჩვენ ყველასთვის ვლოცულობთ, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის, ყველასთვის, ვინც ამ ომში დაეცა, იმიტომ რომ, სინამდვილეში, ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ ჩვენ, ორივე მოძმე, ვიყავით მსხვერპლი ამ ომში“. მისმა უწმინდესობამ ბრძანა: „მჯერა, დადგება დღე, როდესაც აიგება ქართველ და აფხაზ დაღუპულ გმირთა ერთი საერთო ძეგლი“.
აი, ასეთი დღეა დღეს. ღმერთმა აცხონოს სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე აღსრულებულნი და უფალმა ინებოს ჩვენი ერის გამთლიანება ჯვრის ცხოველსმყოფელი ძალითა და მადლით, ამინ“, – დასძინა მიტროპოლიტმა შიომ.