როგორ დაიწყო და დასრულდა თბილისში ტრამვაის ისტორია
თბილისში ელექტრო ტრამვაის წინაპარი, ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. „კონკა“ 1883 წელს გამოჩნდა.
მისი პირველი მარშრუტი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან აკავშირებდა ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს.
მარშრუტი მალევე დააგრძელეს ერევანსკის (თავისუფლების) მოედნამდე, ხოლო 1904 წელს ხაზი გაიყვანეს კირხეს (მარჯანიშვილის) ქუჩაზე.
XX საუკუნის დასაწყისში ნათელი იყო, რომ „კონკას“ დრო წავიდა, ამიტომ 1904 წელს დაიწყო ელექტრო ტრამვაის მშენებლობა, რითაც ბელგიური კომპანია დაკავდა. 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა ელექტრო ტრამვაის პირველი ხაზი, რომლის ლიანდაგის სიგანე 1000 მმ იყო. 1910 წელს „კონკამ“, რომელსაც 914 მმ სიგანის ლიანდაგი ჰქონდა, არსებობა შეწყვიტა. 1933 წლიდან დაიწყო ტრამვაის განიერ (1524 მმ) ლიანდაგზე გადაყვანა.
პირველი ფართოლიანდაგიანი ხაზი 1933 წელს გაიხსნა და ის ერთმანეთთან აკავშირებდა ისნის ჰოსპიტალსა და სამგორის კერამიკის კომბინატს. ამავე წელს აშენდა ისნის ტრამვაის დეპო და დაიწყო ვიწრო ლიანდაგების გაფართოება. ვიწროლიანდაგიანმა ხაზებმა 1942 წლამდე იარსება.
უკანასკნელი ვიწროლიანდაგიანი ხაზი სოლოლაკში გადიოდა და II მსოფლიო ომის დაწყების გამო ვერ მოხერხდა მისი ფართოლიანდაგზე გადაყვანა. ამიტომ ეს ხაზი გაუქმდა. 1942–45 წლებში ტრამვაი გაიყვანეს ცოტნე დადიანის ქუჩაზე.
1944–45 წლებში ტრამვაის ხაზები დაგრძელდა ისნის ჰოსპიტალიდან 31–ე საავიაციო ქარხანამდე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ვაკემდე (ახლანდელი თამარაშვილის ქუჩის დასაწყისამდე). 1969 წელს ლიანდაგის საერთო სიგრძემ 105 კილომეტრს მიაღწია, მას შემდეგ რამდენიმეჯერ შეიცვალა სიტუაცია კილომეტრაჟთან დაკავშირებით, მაგრამ ყვეალაფერი ტრამვაის სასარგებლოდ ხდებოდა; 1974 წელს ტრამვაის ქსელი ორ ნაწილად გაიყო, ახლადმშენებარე გარეუბნებში ტრამვაის გავრცობა გრძელდებოდა.
გასული საუკუნის 90-იანი წლებისათვის ტრანვაის ხაძის სიგრძე დედაქალაქში თითქმის გაორმაგდა. თუმცა, 1989 წელს დაიწყო ტრამვაის ქსელის პერმანენტული შეკვეცა. 1990 წლის იანვარში გლდანის მასივში მოქმედი N8 ტრამვაი, რომელიც მეტრო დიდუბიდან გლდანის მე-7-8 მიკროებამდე მოძრაობდა, გაუქმდა. ლიანდაგები აიყარა სარაჯიშვილის მეტროდან ახმეტელის მეტრომდე. 1994-1996 წლებში თბილისის ზღვაზე საკონტაქტო სადენი მოიპარეს და ტრამვაიმ მოძრაობა შეწყვიტა. 2000-2001 წლებში გაუქმდა გადასასვლელი ხიდიდან ლოტკინისკენ მიმავალი N2 და N6. 2004 წლის 7 ივლისს არსებობა შეწყვიტა ისნის ტრამვაის დეპომ და მასზე მიმაგრებულმა ერთადერთმა, N7-მა მარშრუტმა. 2006 წლის 4 დეკემბერს ტრამვაის უკანასკნელი ხაზი და ქალაქში დარჩენილი ტროლეიბუსის ხაზებიც ერთიანად გაუქმდა.