“მტრისგან ქუჩების გათავისუფლების 11 დღის შემდეგ, ჩვენმა ჯარებმა სოხუმში დროშა აღმართეს” – ბჟანია თანამემამულეებს “გამარჯვების დღეს” ულოცავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ თანამემამულეებს “საქართველოს სახელმწიფო საბჭოს საოკუპაციო ძალებისგან სოხუმის განთავისუფლების 28 წლისთავი” მიულოცა.

“1993 წლის 27 სექტემბერს, დიდი მსხვერპლის ფასად, მტრისგან ქუჩების გათავისუფლებით, განთავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან 11 დღის შემდეგ, ჩვენმა ჯარებმა საბოლოოდ აღმართეს სახელმწიფო დროშა აფხაზეთის დედაქალაქზე. ამ ბრწყინვალე მოვლენის ბუნებრივი შედეგი მთელი ქვეყნის ტერიტორიის გათავისუფლება გახდა”, – ნათქვამია ბჟანიას მიმართვაში.

მისი თქმით, სწორედ ამ დღეს დასრულდა ისტორიული ძეგლების განადგურება, არქივებისა და მუზეუმების დაწვა, აფხაზების მეხსიერების წაშლის მცდელობა და ისტორიის დამახინჯება.

“მე გამოვხატავ ჩემს გულწრფელ მადლიერებას სამამულო ომის ვეტერანების მიმართ და ვულოცავ ჩვენი დედაქალაქის ყველა მცხოვრებს სოხუმის განთავისუფლების დღეს. მინდა, ვუსურვო მშვიდობიანი ცა, ბედნიერება და კეთილდღეობა”, – ამბობს დე ფაქტო პრეზიდენტი.

მან ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ იმ წლებში საერთაშორისო საზოგადოება “მხარს საქართველოს უჭერდა და აფხაზეთს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას არ აძლევდა”.

ბჟანიამ ცალკე აღნიშნა ჩრდილოეთ მოძმე ხალხების, რუსი მოხალისეების, თურქეთის, იორდანიის, სირიისა და სხვა ქვეყნების “თანამემამულეების წვლილი მოპოვებულ გამარჯვებასა და დამოუკიდებლობაში”.

დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში “გამარჯვების დღესთან” დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ჩატარდება, რასთან დაკავშირებითაც “მოძმე რესპუბლიკას” კიდევ ერთი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი ესტუმრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები