საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სამუშაო ვიზიტით, ნატო-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სამუშაო ვიზიტით, ნატო-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს არსებული პროფესიული სამხედრო განათლების მიმოხილვა, ნატო-საქართველოს შორის თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების განხილვა და საქართველოს საჭიროებების შესაბამისად თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.
ნატო-ს დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა უმასპინძლეს. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ამოცანით მართვის მიდგომის დანერგვასა და ამ მიმართულებით ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს დელეგაციამ შეხვედრები გამართა დავით აღმაშენებლის სახელობის, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებთან, სადაც ადგილზე გაეცნენ სამაგისტრო და დისტანციური სწავლების პროგრამებს. სამუშაო შეხვედრები ასევე, გაიმართა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯში, უმაღლეს სამეთაურო სკოლაში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში.
ნატო,ს დელეგაციის წევრებმა ადგილზე შეაფასეს სასწავლო დაწესებულებების შესაძლებლობები და არსებულ აკადემიურ პროცესებსა და სასწავლო პროგრამებს, პროფესიული სამხედრო განათლების ინსტიტუტების სამომავლო გეგმებსა და საჭიროებებს გაეცნენ, -აღნიშნულია ინფორმაციაში.