სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ქარიშხალი 2021“ დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლების დასკვნით ეტაპზე გამართულ საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვაზიანის სასროლეთზე დაესწრნენ.

სიმულაციური სცენარის მიხედვით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე კომბინირებული საბრძოლო სროლები განახორციელა. 41-ე ბატალიონს მხარს 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის სატანკო და მექანიზებული ოცეულები და 44-ე საარტილერიო ბატალიონის III ბატარეა უჭერდა.

წვრთნებში ჩართული იყო ასევე, სამედიცინო და საინჟინრო ასეულები. „ქარიშხალი 2021“-ის საჩვენებელ სწავლებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უშუალოდ ჩაერთო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ტანკიდან, ტანკსაწინააღმდეგო იარაღიდან და ამერიკული M2A1 ტყვიამფრქვევიდან განახორციელა გასროლა.

„ქარიშხალი 2021“ საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით გაიმართა. წვრთნებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე ხელმძღვანელობდა და მასში სარდლობის ყველა ქვედანაყოფი იყო ჩართული. სამხედრო წვრთნების მიზანი აღმოსავლეთის სარდლობის შტაბისა და დაქვემდებარებული შენაერთების შტაბების მიერ საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებულ გარემოში სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა და აღსრულება იყო.
„ქარიშხალი 2021“ ნოემბერში დაგეგმილ უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლების „დიდგორი 2021“ ერთგვარ წინამოსამზადებელ ვარჯიშს წარმოადგენდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები