კალაძე: სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველაზე სწრაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი
თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები წარადგინა, რომლებიც დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელში 23 სექტემბრიდან ჩაერთვება.
როგორც კალაძემ წარდგენისას აღნიშნა, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი მიზანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველაზე სწრაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი.
„ბევრი ადამიანი დღის განმავლობაში გადაადგილდება მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით, თუმცა, ძალიან დიდი რესურსი გვაქვს იმის, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივცეთ ამის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ შემოღებული ინტეგრირებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თუ ადამიანი ყიდულობს ბილეთს, მას საათ-ნახევრის განმავლობაში გადაჯდომა შეუძლია უფასოდ, ყოველგვარი გადახდის გარეშე. მომავალში დაგეგმილი გვაქვს აბონემენტების შემოღებაც, რაც ყველა განვითარებულ ქალაქშია.
აუცილებელია, ინფრასტრუქტურული თვლსაზრისით, მხარი ავუბათ ამ რეფორმას და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დედაქალაქში იყოს კონკრეტული ადგილები გამოყოფილი გზებზე, ე.წ. ბასლაინები, სადაც ავტობუსს ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეეძლება გადაადგილება. ცხადია, ყველა ქუჩაზე ვერ მოხერხდება ამის გაკეთება, მათი სივიწროვიდან გამომდინარე. სადაც ავტობუსი არ დაეტევა, იმ ქუჩებზე მიკროავტობუსები ივლის,“ – აღნიშნა კალაძემ.