კრემლის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ყირიმში რუს დეპუტატებს ირჩევენ

რუსეთში დღეს სათათბიროს დეპუტატების არჩევის სამდღიანი კენჭისყრა დაიწყო.

საარჩევნო უბნები გახსნილია დღეს, კრემლის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთში.

კერძოდ, ე.წ.სამხრეთ ოსეთში 10 საარჩევნო უბანია: ცხინვალში, ჯავაში, კვაისაში, ყორნისში, ახალგორსა და მეოთხე რუსულ სამხედრო ბაზაზე.

ოკუპირებულ აფხაზეთში 9 საარჩევნო უბანი 19 სექტემბერს: სოხუმში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გადაუთაში, დაბა ბომბორაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გალში გაიხსნება.

ამასთანავე, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო მოსამსახურეებმა კენჭისყრაში მონაწილეობა წინსწრებით მიიღეს.

სულ, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქს 7 საარჩევნო უბანი აქვს გახსნილი, მათ შორის, ერთი გუდაუთაში, ცხინვალსა და ჯავაში.

სომხეთში 102-ე ბაზის სამხედროებისთვის უბანი გიუმრიშია გახსნილი, ერთი – ერევანში.

რუსეთის სათათბიროს არჩევნები ტარდება ასევე ანექსირებულ ყირიმში.

აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ.

“დროებით ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები არალეგიტიმურია და მათი შედეგები იქნება ბათილი. მეტიც, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე კენჭისყრის ორგანიზება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მთელს საარჩევნო პროცესს”, – აღნიშნა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს ოკუპირებული დონბასის მოსახლეობის მოზიდვა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები