„ფქვილის მოედნიდან დაწყობილი ვიდრე აბანოებავდისინ“ – ძველი თბილისის საროსკიპოები

მხატვარმა და მწერალმა, კარაპეტ გრიგორიანცმა არაერთი ძველთბილისური ამბავი შემოგვინახა, რომელსაც მკითხველი დღესაც ინტერესით ეცნობა. გრიგორიანცი იმ უჩვეულო ამბებს გვიყვება, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში საუკუნეზე ადრე მომხდარა. ასე რომ, ის საინტერესო ადამიანებისა თუ შთამბეჭდავი ისტორიებისკენ მიგვიძღვება, რომლებიც ძველთბილისურ ცხოვრებას სხვა თვალით გვაჩვენებს.

თავის წიგნში – “ძველი თბილისის იშვიათი ამბები” – კარაპეტ გრიგორიანცი მაშინდელ საროსკიპოებზე და მეძავებზე მოგვითხრობს, რომელთა ხელობაც არა მხოლოდ “უძველესი პროფესია”, არამედ ზოგ შემთხვევაში, პოტენციური კლიენტების მკვლელობაც იყო.

“ფქვილის მოედნიდან დაწყობილი ვიდრე აბანოებავდისინ, ქუჩების ორივე მხარეს მრავალი საროსკიპო სახლები იყო. ამ ქალებში მეტი წილი მაჰმადიანები იყო, სადაც პოლიციის მოხელენი არ იყვნენ, ეჭვი არ არის, რომ ყველა ადამიანი თავის ნანდომს იზავს, იმ დროსაც სწორეთ ისე იყო, ყოველ საღამოთი საღებავებით გაგლესილი ქუჩის აქეთ იქით გამწკრივებული ისხდნენ ხოლმე და გამვლელ კაცებს სახლში ეპატიჟებოდნენ, ხშირად კაცების ქუდებს იტაცებდნენ და სახლში გარბოდნენ. უკეთუ ვისმეს შენიშნავდნენ, რომ ზედ ფული აქვს, მოკვლა და მტკვარში გადაგდებაც იმათი ხელობა იყო. აბა, ვინ მოიკითხავდა ანუ თავს ვინ გაიცხელებდა გარეცხილ გარყვნილ ბოზებთან ლაპარაკსა და გამოძიებას. შეითან ბაზარი ანუ „ეშმაკის ბაზარი“ – ეს სახელი ზედ გამოჭრილი იყო. იმ დროს იქ თავს იყრიდნენ ჯიბგირები, ქურდები, იშკილბაზები, კარტოჟნიკები, კაცის მკვლელები, ყალბი ფულის გამსაღებლები, ქალების მომტაცებელნი, პორტმანის დამგდებელნი და ყოველგვარი საზიზღარი საქციელის პატრონები. მხოლოდ იმ უბანში იყო ესენი და თითქოს უხდებოდა კიდეც, რომ ყოველგვარი გაფუჭებული ხალხი იქ იყრიდა თავს. ქალაქის სხვა უბნებში ესენი ძალიან იშვიათად შეგხვდებოდათ, თითქმის სულ არ იყო, გარდა საროსკიპო სახლებისა, ქურდებსა და სხვა გაფუჭებულ ჭირიან ხალხს ის უბანი ყველაფრით ხელს უწყობდა.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები