დათო მაღრაძე: მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლა იყო არა საგარეო კურსის შეცვლა, არამედ – ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
პოეტმა დათო მაღრაძემ „კვირის პალიტრასთან“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა.
“მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლა ნაბიჯი იყო, და თუ ნაბიჯი იყო, კვალიც იქნება-მეთქი. ეს იყო ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ, ვინაიდან იმ ხელოვნური, მაგრამ მაინც კრიზისის დროს ხელისუფლებამ ქვეყნის მართვა დროებით ევროსტრუქტურებს გადააბარა და ნაყოფიც გამოიღო. ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოპოზიცია აიძულა, თანაცხოვრების კი არა, თანამშრომლობის კულტურას ზიარებოდა და პარლამენტში დასვა. თუმცა, შეუძლებელი იქნებოდა, ქვეყნის მართვის სადავეები ევროსტრუქტურების ან დიპლომატიური კორპუსისთვის გადაებარებინა, ვინაიდან ხელისუფლება ვალდებულია, ქვეყანა თავად მართოს. ეს ნაბიჯი საგარეო კურსის შეცვლად კი არა, დამოუკიდებლობისკენ გადახრად შევაფასე. ევროსტრუქტურების ჩართვა, ცხადია, დიდ პოზიტივს შეიცავდა. თუნდაც ის რად ღირს, რომ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის იძულებითი თანამშრომლობა შედგა და კრიზისი განიმუხტა… ასე რომ, ხელშეკრულებიდან გასვლით დაიწყო ხელისუფლებამ მართვის სადავეების დაბრუნება. მეორე ნაბიჯი იყო სესხზე უარის თქმა, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ძალიან მადლიერი ვართ ევროსტრუქტურებისა და დიპლომატიური კორპუსის თანამიმდევრული პოლიტიკის, მეთვალყურეობის გამო, მაგრამ მათაც და ჩვენს მოქალაქეებსაც დიდი პატივისცემით შევახსენებდი, რომ ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით და არა – ბატონის შესაცვლელად”, – აღნიშნა დათო მაღრაძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საგარეო სივრცეში ახალი დღის წესრიგის გამო ერთ წუთში შეიძლება, ერეკლე მეფის დილემის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამიტომ, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის გავლენა, მასთან და ევროპასთან პარტნიორობა.