კახა კალაძე: მზად ვართ, გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად, კახა კალაძე, საკრებულოში მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, სულხან საბას სახელობის სკვერში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

კახა კალაძემ მთაწმინდის მცხოვრებლებს დედაქალაქში განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

„ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა – გამწვანების, ინფრასტრუქტურის, ძველი თბილისის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით და ა. შ. მიუხედავად ამისა, ქალაქში არსებობს გამოწვევები და ჩვენ ვართ მზად, რომ მათ ღირსეულად ვუპასუხოთ. გუშინ საზოგადოებას ჩემი საარჩევნო პროგრამა წარვუდგინე, თბილისში არ დარჩება მიმართულება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება რაიონში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზე გაამახვილა.

„ჩვენ ვიმყოფებით სულხან საბას სახელობის განახლებულ სკვერში. ეს ერთ-ერთი მაგალითია თბილისში განხორციელებული პროექტებისა. დედაქალაქში, ოთხი წლის განმავლობაში 900-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდა, განახლდა ძველი და გაჩნდა ახალი სარეკრეაციო სივრცეები. თუმცა, რჩება გამოწვევები. ჩვენს რაიონშიც არის მოსაგვარებელი პრობლემები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მომდევნო წლებში ამ მიმართულებით მეტი ნაბიჯი გადაიდგმება. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რომ განვაგრძოთ საქმის კეთება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, კახა კალაძე და ზურაბ აბაშიძე მთაწმინდაზე, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ მიხედვით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს. პროექტი შენობის ძველი იერსახის შენარჩუნებით აღდგენას ითვალისწინებს. ასევე, გათვალისწინებულია ავარიული ნაწილის დემონტაჟი, არაავარიული ნაწილის კონსტრუქციული გამაგრება, ახალი შენობის მშენებლობა და ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
რაც შეეხება სულხან საბას სახელობის სკვერს, მთაწმინდის ქ. N4-ში არსებულ რეკრეაციულ სივრცეს სრული რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა და ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა. სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და 1 800 კვ. მ ფართობს მოიცავს. ტერიტორიაზე სრულად შენარჩუნდა მწვანე საფარი და ახალი ნარგავებიც გაშენდა. სამუშაოების შედეგად, დეკორატიული შადრევანი განახლდა. განთავსდა საბავშვო ზონები, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის ატრაქციონები და ტრენაჟორები. სრულიად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები