კალაძე: მინდა გესაუბროთ  არა მხოლოდ იმაზე, რა გავაკეთეთ, არამედ ისიც შეგახსენოთ, თუ რა დავგეგმეთ და ვერ შევძელით

დედაქალაქის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე ამ წუთებში სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში საკუთარ საარჩევნო პროგრამას წარადგენს. როგორც კახა კალაძემ პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა, 4 წლის განმავლობაში თბილისის მერიის ხელმძღვანელობამ, თითქმის, ყველა დაპირებული პროექტი შეასრულა, გარდა რამდენიმე პროექტისა, რომელთა განხორციელებასაც ხელი პანდემიამ შეუშალა.

„ძვირფასო თბილისელებო, დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზი მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის, ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებების პრეზენტაციაა. პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას გადაგიხადოთ მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც წლების განმავლობაში თქვენგან ვგრძნობ. მადლობა ყველას იმ გულწრფელი კრიტიკისა და შექებისთვის, რომელიც მაძლევდა უფრო დიდ მოტივაციას.

მინდა გულწრფელად გესაუბროთ  არა მხოლოდ იმაზე, რა გავაკეთეთ, არამედ ისიც შეგახსენოთ, თუ რისი გაკეთება დავგეგმეთ ამ 4 წლის წინ და სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, ვერ შევძელით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტები არ განხორციელდება. პირიქით, ამ პროექტებსაც განვახორციელებთ და ბევრ საინტერესო სიახლესაც შემოგთავაზებთ.

ვერ შევძელით, რადგან რთულია, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს, მიჰყვე წინასწარ დაგეგმილ ჩანაფიქრებს და არ აუწყო ფეხი და მენეჯმენტი ამ გლობალურ პრობლემას. რთულია ახალი რეკრეაციული სივრცეების ან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იფიქრო, როდესაც კოვიდისგან გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გამო, ათასობით შენი თანამოქალაქე შემოსავლის და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის გარეშე რჩება. რა თქმა უნდა, მერია მოსახლეობის პრობლემების შემსუბუქებაზე და ამ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე გადაეწყო. სახსრებიც ამ მიართულებით გადავანაწილეთ და ამ მხრივ, ბევრის გაკეთება შევძელით.

მინდა მაგალითისთვის შეგახენოთ ის გეგმები, რომლებიც პანდემიამ შეგვიფერხა: დაპაუზდა ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი სამგორი-ლილოს მიმართულებით; ლოკდაუნის გამო, ვერ შევძელით დროულად მოგვეძიებინა კვალიფიციური კომპანიები, რომლებიც თბილისის ანძის პროექტს განახორციელებდნენ; 4 წელიწადში, სამწუხაროდ, ვერ დავასრულეთ ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, თუმცა ნაწილი უკვე განხორციელების პროცესშია. პანდემიისგან გამოწვეულმა პროცესებმა დააზიანა ღამის ეკონომიკის პროგრამა და ვერ შევძელით ბოლომდე აგვეთვისებინა ის პოტენციალი, რაც თბილისს ამ მიმართულებით გააჩნია, თუმცა მოვახერხეთ გლობალური პანდემიით დაზარალებულ სექტორებს გვერდში დავდგომოდით და შევეცადეთ კრიზისი შეგვემსუბუქებინა; ასევე, გადაიდო გამზირების რეაბილიტაცია, რაც თბილისის უბნებს უფრო მიმზიდველს გახდიდა. სამწუხაროდ, ასე შეაფერხა მსოფლიო პანმდემიამ ჩვენი თბილისური გეგმები, თუმცა ამ პროექტების განხორციელებას მაინც აუცილებლად შევძლებთ უახლოეს მომავალში. ყველა ეს პროექტი გათვალისწინებულია ჩვენს შემდგომ 4-წლიან პროგრამაში. ყველას იმედი გვაქვს, რომ პანდემია უკან დაიხევს და მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ოპტიმიზმს მმატებს ის, რომ 2017 წელს წარმოდგენილი ჩვენი საარჩევნო პროგრამიდან, ამ რამდენიმე მიმართულების გარდა, რაზეც ახლა ვსაუბრობდით, პრაქტიკულად, ყველა პროექტის განხორციელება შევძელით.“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები