თბილისის მერობისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვაზისუბანში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახაბერ ლაბუჩიძე ვაზისუბანში, კვაჭანტირაძის #30-ში და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე კახა კალაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა თბილისელებს და მათ კახაბერ ლაბუჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ. ამ რთულ ვითარებაში ყველამ დავაფასეთ, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე. მთავარია ჯანმრთელად იყოთ თქვენს ოჯახებთან ერთად, სხვა ყველაფერი იქნება. ერთი რამ იცოდეთ, რომ არაფერში დაგაღალატებთ, ამ მხარდაჭერას დავაბრუნებთ, შრომა არ გვეზარება. ოთხი წლის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და შედეგიც სახეზეა, ეტყობა ცვლილებები ქალაქს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ყველაფერს მივხედავთ, მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ. მე მინდა მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ლაბუჩიძეს, ეს ჩემი პირადი მხარდაჭერაცაა. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევუდგეთ საქმიანობას. ხედავთ, რომ ჩვენ გარდა თბილისზე და აქ არსებულ პრობლემებზე არავინ საუბრობს, შესაბამისად, მე მჯერა, რომ თბილისელები ყველას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახაბერ ლაბუჩიძემ მოსახლეობასთან ვაზისუბანში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ისნის რაიონში ოთხი წელი გამგებელი ვიყავი. თქვენთან ერთად ბევრი პროექტის განხორციელებას ვცდილობდი. ეს სკვერიც, სადაც ახლა ვიმყოფებით, ამის მაგალითია. ის თქვენი სურვილისამებრ მოვაწყვეთ. ხედავდით ადრე როგორ შენდებოდა კორპუსები, არ ითვალისწინებდნენ ბავშვებისთვის დასასვენებელი სივრცეების საჭიროებას. თქვენი ჩართულობით კიდევ ბევრი ასეთი პროექტი გამოგვივიდა. განსაკუთრებით ამაყი ვარ ვაზისუბანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთხით განხორციელებული პროექტებით. მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და ოთხი წლის შემდეგ ვიტყვი, რომ მე და ჩემი გუნდი პირნათელი ვართ თქვენს წინაშე. მადლობა იმ სითბოსთვის, რასაც თქვენგან ყოველდღიურად ვგრძნობ”, – განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა კვაჭანტირაძის #30-ში გაიმართა, სადაც 290 კვ. მ. ფართობზე დასასვენებელი სივრცე, ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით მოეწყო. დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით, განთავსდა საბაღე სკამები და ურნები. ასევე, 160 კვ. მ. ფართობზე მინი სტადიონი მოეწყო, სადაც დამონტაჟებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ფარები.

რაც შეეხება ჯუმბერ ლეჟავას ქუჩას, აქ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი სრულად განახლდა. „ჯივიპიმ” 600 მმ. მილი შეცვალა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, გზის გამყოფი კუნძულები, სადაც დაირგო 60 ძირი ცაცხვის ხე, დამონტაჟდა მიწისზედა ჰიდრანტი. 7 000 კვ. მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები