კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
თბილისის მერი, კახა კალაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში განხორციელებულ და სამომავალოდ დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო დედაქალაქში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სატრანსპორტო რეფორმას, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, თბილისის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს.
შეხვედრის ერთ-ერთი თემა ასევე იყო წინასაარჩევნო გარემო და კახა კალაძის, როგორც თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის სამომავალო გეგმები.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისი საარჩევნო კამპანია მხოლოდ პოზიტიური და საქმეზე ორიენტირებულია. მისივე თქმით, თბილისის მოსახლეობის მხარდაჭერა, რომელსაც მუდმივად გრძნობს, ასევე, ის მასშტაბური და ძალიან საჭირო პროექტები, რაც დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდა, აძლევს პირველივე ტურში გამარჯვების მყარ იმედს.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა, ბრიტანეთის მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლატიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.