მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვატო შაქარიშვილი სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა
საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ვატო შაქარიშვილი სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივ პრობლემებს გაეცნო. შაქარიშვილის განცხადებით, სოფელ დიღომში უმთავრესი პრობლემა მამაპაპისეული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაა. წლებია, ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებებს სხვადასხვა ადმინისტრაციული სამსახური უპასუხოდ ტოვებს.
როგორც დამოუკიდებელი მაჟორიტარი აღნიშნავს, საკითხი სისტემურ მიდგომას საჭიროებს და ერთიან ჭრილში უნდა იყოს განხილული, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ქონების დაკანონება. შაქარიშვილის თქმით, სოფელ დიღომში უმძიმესი მდგომარეობაა ინფრასტრუქტურული კუთხითაც, მოუწესრიგებელია შიდა გზები და, ფაქტობრივად, არ არსებობს წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემები.
„ცხადია, მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია, ამიტომ, აუცილებელია შეიქმნას, მიზნობრივი ფონდი, რომელიც დააფინანსებს სოფელი დიღმის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს“, – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.