თბილისის მერობისა და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წყნეთის მოსახლეობას შეხვდნენ
თბილისის მერობის კანდიდატი – კახა კალაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – გიორგი ტყემალაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდნენ და როგორც დედაქალაქის, ასევე, კონკრეტულად ვაკის რაიონის მასშტაბით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ.
თბილისის მერმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.
„ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ თქვენს მხარდაჭერასა და თანადგომას. მინდა, ეს პატივისცემა და სიყვარული გაკეთებული საქმეების სახით დავუბრუნო ჩემს ქალაქს. დედაქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, რომ უფრო მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ. ცხადია, ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს, ვერ იქნება მოგვარებული და ამას არც ვამბობ, რადგან შეუძლებელია ყველაფრის გაკეთება. 30 წლის განმავლობაში უცებ, ერთი ხელის მოსმით მოგვარება გამორიცხულია. მე რასაც გავაკეთებ, ამას ვამბობ. რისი გაკეთებაც არ შემიძლია, ვერ დაგპირდებით. შესაბამისად, რასაც ვიტყვით, ის პროექტები იქნება შესრულებული. მომდევნო დღეების განმავლობაში, ვაპირებ, თბილისელებს წარვუდგინო, ჩემი პრობლემა, ხედვა, კონცეფცია, როგორ მესახება ქალაქის განვითარება და 4 წლის შემდეგ როგორ ვხედავ თბილისს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ტყემალაძის თქმით, დედაქალაქის ოთხი წლის წინანდელი გამოწვევები თანდათან დაძლეულია და ამჟამად საჭიროა, თითოეული უბნის საჭიროებებზე მორგებული მეტი პროექტი განხორციელდეს.
„ყველა ვთანხმდებით, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში, ბატონი კახის დამსახურებით, ბევრი რამ გაკეთდა. პირველ ყოვლისა, გაკეთდა ის, რომ ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი და გვაქვს განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. არსებობს რეალობად ქცეული ურბანული პოლიტიკა, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გვაქვს გაუმჯობესებული ეკოლოგიური ვითარება – ათასობით სკვერი, ასევე, საქალაქო მნიშვნელობის პარკები რეაბილიტირებულია ან რეაბილიტაციის პროცესშია. ოთხი წლის წინ, ეს მიმართულებები იყო ქალაქის მთავარი გამოწვევა და ვხედავთ, რომ დღეს ის რეალობად არის ქცეული. დღევანდელი სლოგანი კი – „სიცოცხლე ყველა უბანში” გულისხმობს თითოეული უბნის, ეზოს, კორპუსის პირობების გაუმჯობესებას და განვითარებას”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
შეხვედრა წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რეაბილიტირებულ რეკრეაციულ სივრცეში გაიმართა. პროექტის თანახმად, 1800-მდე კვ.მ ფართობზე განთავსებულია სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები და ბატუტები, ასევე, სხვა ინვენტარი ფიზიკური აქტივობებისთვის რამდენიმე ზონაზე გადანაწილდა; დამონტაჟდა საპარკე ავეჯი; მოეწყო სავალი ბილიკები, განათების და სარწყავი ქსელები; დამატებით დაირგო მცენარეები. გარდა ამისა, ამავე სივრცეში კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – გიორგი ამილახვარი, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატები საკრებულოსა და პარლამენტში.