კახა კალაძე: კაიროს დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კაიროს დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და მასზე დაერთდა 310 ოჯახი. ასევე, წყალგვაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 490 აბონენტი და მთლიანად დასახლებაში მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რომელიც არ არსებობდა. გარდა ამისა, მერის თქმით, დასახლებაში 6 კილომეტრის სიგრძის გზა რეაბილიტირდა.
„სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავასრულეთ. ჩვენ გვახსოვს, წლების განმავლობაში რა მდგომარეობა იყო კაიროს დასახლებაში. არ არსებობდა არანაირი საგზაო იფნრასტრუქტურა, როდესაც გაწვიმდებოდა გადაადგილება შეუძლებელი იყო. არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ძალიან მძიმე პირობებში უწევდა იქ მცხოვრებ მოსახლეობას ყოფნა. დღეს სრულად დამთავრებული და რეაბილიტირებულია ყველაფერი,“ – განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ ჩატარებულ სამუშაოებზე, დაახლოებით, 6 მილიონი ლარი დაიხარჯა.