თამარ გაბუნია: არჩევნების ჩატარებისას პანდემიასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევა შესაძლებელია

“ვსაუბრობთ ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია, გაკონტროლდეს და ეს თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, ამ რისკების გადაზღვევა შესაძლებელია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკო-სთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რათა არჩევნებში მონაწილე პირებში ვაქცინაცია აქტიური იყოს.

„ჯანდაცვის სექტორში არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება – ერთი ის, რომ არჩევნები ბუნებრივად უკავშირდება მეტ მობილობას და ამას, რა თქმა უნდა, რისკების ზრდაც მოჰყვება, მეორე ის, რომ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ რეკომენდაციები, რაც სპეციალურად არჩევნების უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული. დღეს ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური არჩევნებში მონაწილე პირებისთვის და, ასევე, რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს. ამის იქეთ არჩევნებთან მიმართებით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია ჯანდაცვის სექტორს არ გაუკეთებია. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესია და გამომდინარე იქედან, რა საჭიროება დადგება, შესაძლებელია, ამაზე დამატებით ვიმსჯელოთ. უსაფრთხო არჩევნების რეკომენდაციები გასულ წელსაც გვქონდა. წელს რამდენადმე შეიცვალა რეკომენდაციები იმგვარად, რომ დაემატა ვაქცინაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სექტორის მხრიდან ვალდებულება, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილე პირებს ხელი შევუწყოთ ორგანიზებულ აცრაში. ასევე, დაემატა სავალდებულო ტესტირება ვაქცინაციაში მონაწილე პირებისთვის კვირაში ერთხელ. სხვა დანარჩენი რეკომენდაციები, რაც აქამდე იყო, ბუნებრივია, უნდა აღსრულდეს. წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს, ეს იყო მთავარი „ბუსტერი“ იმ შემთხვევაში ეპიდემიის გავრცელების. ეპიდემიის შემთხვევაში ის მობილობა, რისი კონტროლიც შესაძლებელია და რა გარემოშიც წესის დაცვა ხერხდება, ნაკლებად საშიშია, თუმცა უკონტროლო აქციების პირობებში ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია. ეს იყო ძირითადი „ბუსტერი“ და მკვებავი ეპიდემიის გავრცელების ნოემბერ-დეკემბერში. პოლიტიკური პროცესები რთულია და რისკი ყოველთვისაა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია გაკონტროლდეს და ეს თავისთავად მაღალ რისკებს არ უკავშირდება და ამ რისკების გადაზღვევა შესაძლებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები