ვაკეში, წყნეთის მე-5 შესახვევში მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა

ვაკეში, წყნეთის მე-5 შესახვევში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს ორსართულიანი შენობის მშენებლობა.

ადგილობრივების თქმით, სამშენებლო ობიექტის ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები და ვაკის გამგებელი – დავით კვინიკაძე. კვინიკაძის განცხადებით, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის.

„ნებართვა გაცემულია კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით. არსებობს ყველანაირი გეოლოგიური კვლევა, აქედან გამომდინარე, გრძელდებოდა სამშენებლო პროცესი. ამ ფაქტის შემდეგ სამუშაოები შეჩერდა. მუნიციპალურმა ინსპექციამ დაიწყო კვლევა, გაიცემა დავალება სამშენებლო კომპანიის მიმართ, რომ მოხდეს ფერდისდამჭერი კედლის აშენება და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. შემთხვევა, სავარაუდოდ, სამშენებლო კომპანიის დაუდევრობის გამო მოხდა. ამაზე მიმდინარეობს კვლევები, იქნება შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებებსაც ამის მიხედვით მივიღებთ“, – განაცხადა დავით კვინიკაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები