მცხეთა-მთიანეთის რეგიონს 4 ამცრელი ამბულატორია დაემატა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონს დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანანურში, ჟინვალში, ბაზალეთსა და მჭადიჯვარში, სოფლის 4 ამცრელი ამბულატორია დაემატა. მოქალაქეებს ადგილზე ვაქცინაცია, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით “სინოფარმითა” და “სინოვაკით” შეუძლიათ. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე ამბულატორია, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, წინასწარ სპეციალური მეთოდითაა შერჩეული, ხოლო ამცრელ ბრიგადებს უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით.
დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლის ამბულატორიები მოინახულა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ. მასთან ერთად, ანანურში, ჟინვალში, ბაზალეთსა და მჭადიჯვარში ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ მხარის პირველი პირის მოადგილე – გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი – ზურაბ სეხნიაშვილი, “მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორი, რეგიონის კოორდინატორი – ბადრი კუკულაძე და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი – თამარ ანდრიაშვილი.
“სასიხარულოა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების მომართვიანობა მაღალია. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ამბულატორიაში უკვე საჭირო გახდა ვაქცინის დოზების დამატება.
მინდა, გითხრათ, რომ ჩვენს რეგიონში, ოთხივე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოფლის ამბულატორიები, სადაც მოსახლეობას აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. ამიტომაც, ყველას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდებ,” – განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ.
ცნობისათვის, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში არსებული 11 ამცრელი ამბულატორია, ჯამურად, მხარის 97 სოფელს ემსახურება.