თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი გმირთა მემორიალთან მიაგო
14 აგვისტოს აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 29 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი გმირთა მემორიალთან მიაგო. მათ გმირთა მოედანზე მდებარე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას.
გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და დაღუპულების ოჯახის წევრები.
საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე დაიწყო, როდესაც საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. ეს იყო საომარი მოქმედებების დასაწყისი, რომელიც აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.