კახა კალაძე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
რუსთაველის გამზირის N6-ში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ხორციელდება.
სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.
„მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია დავიწყეთ. ამ პროექტის მიხედვით, სრულად განახლდება შენობა. სასახლე ამ დრომდე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელსაც მოვლა-პატრონობა სჭირდება. სამუშაოების მიმდინარეობისას თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პირველ ეტაპზე, გადაიხურება შენობა და მოწესრიგდება ფასადი, რაც წელს დასრულდება. შემდეგ, შიდა სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება. მინდა, პროცესში ჩართულ ყველა სპეციალისტს მადლობა გადავუხადო, რადგან მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩვენი ქალაქის სიმდიდრეა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ეტაპზე, შენობის სახურავისა და პარაპეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ინტერიერში დეკორატიული ოთახების რესტავრაცია, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება, კარ-ფანჯრებისა და შენობის ფასადის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სრული სარესტავრაციო- სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი, რომელიც მოიცავს: საინჟინრო ქსელების მოწესრიგებას; ბაღისა და 9 აპრილის ქუჩის მხარეს მდებარე მაღალი საყრდენი კედლის გამაგრებასა და საძირკვლის გაძლიერების სამუშაოებს; ინტერიერში ოთახების სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოებს; მხატვრულ-დეკორატიული დარბაზების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს; კარ-ფანჯრების განახლებას; დაზიანებული დეკორატიული ბალუსტრადის რესტავრაციასა და მის გადაწყობა- აღდგენას; სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას შენობაზე, ეზოსა და სასახლის ისტორიულ ღობეებზე.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, დაახლოებით, 80-წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც დღეისთვის, 4 500-მდე მოსწავლეა რეგისტრირებული. შენობაში არქიტექტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, საინტერესო სივრცეებია – ე.წ. სარკეებიანი, მარმარილოს და თეთრი დარბაზები.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 33 700 000 ლარია.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი ლევან ჯღარკავა და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.